ვირტუსი სუპერთასის ფინალში დამარცხდა - შენგელია საუკეთესო იყო
იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის ახალი სეზონის დაწყებამდე, თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონია“ სუპერთასის მატჩში „ოლიმპია მილანოს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 2 ქულის სხვაობით, 98:96 დამარცხდა.
მატჩის ბედი ოვერტაიმში გადაწყდა. „ვირტუსი“ თამაშის მიმდინარეობისას 16 ქულით იგებდა, თუმცა, უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლო. მატჩის ძირითადი დრო 84:84 დასრულდა, ოვერტაიმის სტარტზე კი ბოლონიელები 93:88 დაწინაურდნენ, თუმცა, უპირატესობა ამ შემთხვევაშიც გაანიავეს.
თორნიკე შენგელიამ მოედანზე 34 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 17 ქულა, 8 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა.
ქართველმა ფორვარდმა 13-დან 6 ორქულიანი, 4-დან 1 სამქულიანი და სამიდან 2 საჯარიმო ჩააგდო. ასევე, ბურთი ერთხელ დაკარგა და მეტოქის წინააღმდეგ 4-ჯერ დაჯარიმდა.
იტალიის ჩემპიონატის ახალი სეზონი „ვირტუსისთვის“ 28 სექტემბრიდან დაიწყება. შენგელიას გუნდის პირველი მეტოქე „ტრაპანი“ იქნება.