კოხრეიძის 4 გოლი - ლიდერები სრული სვლით
პარასკევს „დილა“ – „სამტრედიის“ მატჩით დაწყებული Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის XXV ტური დღეს სამი შეხვედრით გაგრძელდა, რომლებიც საერთო ჯამში ძალიან შედეგიანი გამოდგა და 15 გოლი გავიდა. დიდ ინტერესს იწვევდა „დავით პეტრიაშვილი არენაზე“ „გაგრა“ – „ტორპედოს“ თამაში, სადაც ქუთაისელებმა 3:0 მოიგეს, საგარეო შეხვედრებში წაუგებელი სერია 10 მატჩამდე გაზარდეს და სატურნირო ცხრილში გორელებს გაუთანაბრდნენ.
ანგარიში პირველი ტაიმის კომპენსირებულ დროში ეფექტური თავური დარტყმით ნიკოლოზ სანდოხაძემ გახსნა, რომელსაც საგოლე გადაცემა ჩემპიონატის ასისტენტების ლიდერმა ფელიპე პირესმა გაუკეთა და აქტივში მე-8 ასისტი ჩაიწერა. მეორე ტაიმის სტარტზევე მასპინძლების საჯარიმოში შექმნილი არეულობით კარგად ელიტონ ჟუნიორმა ისარგებლა, ხოლო საბოლოო წერტილი ცოტნე ფაცაციას გადაცემით ბიორნ იონსენმა დასვა, რომელმაც წლევანდელ ლიგაში მე-16 გოლი გაიტანა.
გიორგი კოხრეიძის ბენეფისად გადაიქცა „კოლხეთი“ – „იბერიას“ (2:6) მატჩი, სადაც სტუმართა ათიანმა ოთხი ბურთი გაიტანა, 14 გოლი დაუგროვდა და ბომბარდირთა დავაში იონსენის მთავარ კონკურენტად იქცა. მე-6 წუთზე მან თორნიკე ახვლედიანის მოპოვებული 11-მეტრიანი ზუსტად შეასრულა, რასაც მასპინძლების რიგებში მე-19 წუთზე მათმა საუკეთესო ბომბარდირმა გიორგი აბუაშვილმა უპასუხა. პირველ ტაიმში კიდევ ორჯერ მოუწიათ მეკარეებს ბურთის კარიდან გამოტანა და 32-ე წუთზე ოთარ მამაგეიშვილს გოლს, შესვენებამდე ერთი წუთით ადრე გეორგი მელქაძემ უპასუხა.
ამის შემდეგ ლიდერობა საკუთარ თავზე კოხრეიძემ აიღო და ჯერ გამოზომილი დარტყმით დააწინაურა „იბერია“, ხოლო შემდეგ იური ტაბატაძის მოპოვებული პენალტი აქცია გოლად. გამარჯვებულის შესახებ ყოველგვარი კითხვის ნიშანი 70-ე წუთზე თორნიკე ახვლედიანმა მოხსნა, ზუსტად ხუთ წუთში კი კოხრეიძემ პოკერი შეასრულა. ამრიგად „იბერია“ მიმდინარე ჩემპიონატში პირველი გუნდია, რომელმაც ერთ მატჩში 6 გოლი გაიტანა, ხოლო კოხრეიძე პირველი ფეხბურთელი, რომელმაც 4-ჯერ აიღო მეტოქე გუნდის კარი.
წყალტუბოში, „26 მაისის“ სტადიონზე ადგილობრივ „სამგურალსა“ და “თელავს“ შორის გამართული შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა. სტუმრები ორჯერ იგებდნენ, თუმცა დეიან გეორგიევიჩის მიერ 24-ე წუთზე გატანილი გოლი ჯერ მათე აბულაძემ 52-ე წუთზე ახალ გუნდში სადებიუტო ბურთით უპასუხა, ხოლო ანდრე მენსალაოს გოლი, არბიტრის მიერ კომპენსირებულ დროში დემურ ჩიხლაძემ ულამაზესი დარტყმით გაქვითა.
ამრიგა „დილა“ და „ტორპედო“ სატურნირო ცხრილს 51-51 ქულით ლიდერობენ და მესამე ადგილზე მყოფ „იბერიას“ მხოლოდ სამი ქულით უსწრებენ. XXV ტური ხვალ „დინამო ბათუმი“ – „დინამო თბილისის“ შეხვედრით დასრულდება.