17 სეივი პანათინაიკოსთან - გუგეშაშვილის სუპერმატჩი საბერძნეთში
საბერძნეთის სუპერლიგის მე-5 ტურში, ლუკა გუგეშაშვილის „პანსერაიკოსი“ სტუმრად „პანათინაიკოსს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 3:1 დამარცხდა.
ქართველ მეკარეს ბერძნული კარიერის განმავლობაში საუკეთესო მატჩი ჰქონდა. იმის მიუხედავად, რომ მისი გუნდი დამარცხდა, გუგეშაშვილი ორივე გუნდის შემადგენლობაში გამორჩეული იყო.
ქართველმა მეკარემ საბერძნეთის ერთ-ერთი გამორჩეული გუნდის წინააღმდეგ 17 სეივი შეასრულა და ორივე გუნდის შემადგენლობაში ყველაზე მაღალი შეფასება დაიმსახურა - 9.4 ქულა.
ანგარიში მე-10 წუთზე პანათინაიკოსმა ტეტეს გოლით გახსნა, მე-15 წუთზე კი „პანსერაიკოსმა“ წონასწორობა ბეტანკორის გოლით აღადგინა და გუგეშაშვილის გუნდმა ტაიმი 1:1 დაასრულა, რაც შეეხება ქართველ მეკარეს, გუგეშაშვილმა შეხვედრის პირველ ნახევარში 8 სეივი შეასრულა და ყვითელი ბარათიც მიიღო.
„პანსერაიკოსი“ ერთი ქულის მოპოვებასთან ახლოს იყო, თუმცა, გოლი 81-ე წუთზე გაუშვა, თავი კი ჯურიჩიჩმა გამოიჩინა. 88-ე წუთზე სერბმა ფორვარდმა გუგეშაშვილის კარში დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
5 ტურის შემდეგ, „პანსერაიკოსი“ სუპერლიგის სატურნირო ცხრილში 1 ქულით ბოლო, მე-14 ადგილზე იმყოფება, ლუკა გუგეშაშვილი კი გუნდის შეუცვლელი წევრია და 5-დან ხუთივე მატჩი შეუცვლელად ითამაშა. მის ანგარიშზე 12 გაშვებული ბურთია.
„პანსერაიკოსი“ მომდევნო შეხვედრას 26 სექტემბერს, სტუმრად „ლარისას“ წინააღმდეგ გამართავს.