პეპ გუარდიოლა, ერლინგ ჰოლანდი, მიკელ არტეტა, ჯონ სტოუნსი, გაბრიელ მაგალიაეში, რიკარდო კალაფიორი
Aa
Aa

ჰოლანდის მე-100 გოლი - სიტიმ ქულა ბოლო წუთზე გადაარჩინა

ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში „მანჩესტერ სიტი“ პირველ მარცხთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ ამაზე გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი სხვა ამბავი იქნებოდა - ჯონ სტოუნსს 97-ე წუთზე ანგარიში რომ არ გაეთანაბრებინა, „არსენალი“ „ქალაქელებს“ „ეტიჰად სთედიუმზე“ 10-მატჩიანი მოუგებელი სერიისა და ლამის 10-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად დაამარცხებდა და სატურნირო ცხრილში ერთპიროვნულად გალიდერდებოდა. თუმცა, მთელი მეორე ნახევარი ათი კაცით მოთამაშე „მეთოფეებმა“ ბოლომდე ვეღარ გაძლეს და მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა.

ოთხიდან სამი გოლი შესვენებამდე გავიდა და საერთოდაც უნდა აღინიშნოს, რომ პირველი ტაიმი მეორეზე გაცილებით უკეთესი სანახავი იყო. მე-9 წუთზე ანგარიში ერლინგ ჰოლანდმა გახსნა, რომლისთვისაც ეს მანჩესტერული კლუბის რიგებში საიუბილეო მე-100 გოლი გახლდათ და ამ ნიშნულამდე მისაღწევად მას სულ რაღაც 105 მატჩის ჩატარება დასჭირდა - ნორვეგიელმა ფორვარდმა ამ მხრივ კრიშტიანუ რონალდუს მიერ „რეალში“ დამყარებული რეკორდი გაიმეორა. გოლიდან რამდენიმე წუთში მასპინძლებს ნახევარდაცვის ლიდერი როდრი დაუშავდათ და შესაცვლელი შეიქმნა. ესპანელის გასვლიდან ზუსტად ერთ წუთში კი, რიკარდო კალაფიორიმ ულამაზესი დარტყმით წონასწორობა აღადგინა. პირველი ნახევარისთვის კომპენსირებულ დროში კუთხურიდან მოწოდებულ ბურთს თავი ზუსტად გაბრიელ მაგალიაეშმა დაუხვედრა და სტუმრები დააწინაურა. თუმცა, მალევე ლეანდრო ტროსარის გაძევების გამო, ლონდონელები რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ, რაც მეორე ნახევრისთვის მანჩესტერელების შანსებს ზრდიდა.

ჯეკ გრილიშის, ფილ ფოდენისა და ჯონ სტოუნსის შეყვანით პეპ გუარდიოლამ თამაშის გამოცოცხლება სცადა და ამ უკანასკნელმა მთავარ მწვრთნელს ნდობა გამთანაბრებელი გოლის გატანით დაუფასა, რომლითაც მთელი „არსენალი“ შოკში ჩააგდო. ფაქტია, მიკელ არტეტა თავისი ყოფილი უფროსის სტუმრად დამარცხებას ჯერჯერობით ვერ ახერხებს და წარმატებასთან ყველაზე ახლოს სწორედ ახლა იყო, თუმცა ამჯერადაც არაფერი გამოუვიდა.

ხუთი ტურის შემდეგ ცამეტი ქულით ინგლისის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილს „მანჩესტერ სიტი“ ლიდერობს, რომელიც მეოთხე პოზიციაზე მყოფ „არსენალს“ ორი ქულით უსწრებს. მომდევნო მეექვსე ტურში „ქალაქელები“ სტუმრად „ნიუკასლს“ შეხვდებიან, „მეთოფეები“ კი „ლესტერს“ უმასპინძლებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჰოლანდი: “მესი უნდა წავიდეს, რომ მე ოქროს ბურთი მოვიგო“
ჰოლანდი: “მესი უნდა წავიდეს, რომ მე ოქროს ბურთი მოვიგო“