ჟოზე მედიას თურქეთშიც დაუპირისპირდა - პრეს კონფერენცია პორტუგალიელის გარეშე
„ფენერბაჰჩეს“ მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე ჟოზე მოურინიო პირველად დამარცხდა და როგორც მისთვის, ასევე კლუბის გულშემატკივრებისთვის რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ეს მათ უშუალო კონკურენტ და ყველაზე პრინციპულ მეტოქე „გალათასარაისთან“ (1:3) საშინაო შეხვედრაში მოხდა. პორტუგალიელ სპეციალისტს მისმა ვიზავიმ, ოქან ბურუქმა ტაქტიკური დუელი პირწმინდად მოუგო, რაზეც ის ფაქტიც მეტყველებს, რომ 59-ე წუთისთვის „ფენერი“ უკვე 3-ბურთიანი სხვაობით მარცხდებოდა და ერთადერთი რისი გაკეთებაც მასპინძლებმა მოახერხეს, ედინ ჯეკოს პრესტიჟის გოლი გახლდათ, რომელიც მან პენალტის ნიშნულიდან გაიტანა.
დედაქალაქურ დერბიში მისი გუნდის ასეთი ულაპარაკო კაპიტულაციიდან გამომდინარე, ბუნებრივია მედიის წარმომადგენლები „განსაკუთრებულს“ პრეს კონფერენციაზე სულმოუთქმელად ელოდებოდნენ, მაგრამ მოურინიომ მათ მიმართ უპატივცემულობა გამოიჩინა და კითხვებზე პასუხის გასაცემად მეორე ასისტენტი გაგზავნა, რამაც ბუნებრივია საყოველთაო აღშფოთება გამოიწვია. დღევანდელი თურქული სპორტული მედია სავსე იყო პორტუგალიელის მიმართ კრიტიკული სტატიებით და მათი ძირითადი შინაარსი ის გახლდათ, რომ მოურინიო როგორც დერბის მოსაგებად, ასევე მედიისთვის კითხვებზე პასუხის გასაცემად მზად არ აღმოჩნდა.
თურქეთის სუპერლიგაში ჩატარებული ექვსი ტურის შემდეგ „ფენერბაჰჩე“ 13 ქულით მეორე ადგილზეა ლიდერ „გალათასარაის“ 5 ქულით ჩამორჩება. ჟოზე მოურინიოს მთავარ მწვრთნელად დანიშვნის მთავარ მიზანს ქვეყნის ჩემპიონის ტიტულის დაბრუნება წარმოადგენს, რომელიც „ფენერს“ უკვე 10 წელია არ მოუპოვებია.