„პენალტი ინძაგის უნდა დაერტყა, მაგრამ...“ - კალაძემ მანჩესტერული ფინალი გაიხსენა
გუშინ, საქართველოს ნაკრების სხვადასხვა თაობის გამორჩეული ფეხბურთელების წინააღმდეგ „მილანის“ ლეგენდებმა ითამაშეს, რომელთაც 2000-იან წლებში კახა კალაძესთან ერთად, ევროასპარეზზე მიღწეული საოცარი წარმატებებით, კლუბის ისტორია დაწერეს. კარლო ანჩელოტის მომზადებულმა მაშინდელი ფორმაციის ლომბარდიულმა გრანდმა ხუთი წლის განმავლობაში ჩემპიონთა ლიგის სამი ფინალი ითამაშა და ორჯერ ჩემპიონი გახდა. ტელეკომპანია იმედის გადაცემაში „სპორტი იმედზე“ სტუმრობისას, კალაძემ 2003 წელს „იუვენტუსთან“ ჩატარებული ევროპის უპრესტიჟულესი საკლუბო ტურნირის გადამწყვეტი შეხვედრა გაიხსენა და რამდენიმე საინტერესო ისტორია მოყვა.
კახა კალაძე
პენალტის დამრტყმელი არასოდეს ვიყავი და თუ სწორად მახსოვს, 2003 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე მხოლოდ ერთხელ მქონდა 11-მეტრიანი შესრულებული - ეს მოხდა 17 წლის ასაკში კიევის „დინამოში“ ასპარეზობისას, როდესაც ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე პრაღის „სპარტასთან“ 0:1-ს ვაგებდით, ანდრეი შევჩენკომ ბოლო წუთზე ანგარიში გაათანაბრა და ჯერ დამატებითი დრო, შემდეგ კი პენალტების სერია დაინიშნა. ვალერი ლობანოვსკიმ მითხრა შენც უნდა დაარტყაო - დავარტყი და გავიტანე.
„მილანში“ ისეთი ფეხბურთელები იყვნენ, მე რატომ უნდა გამომეჩინა ინიციტივა? თუმცა, დამთავრდა „იუვენტუსთან“ 2003 წლის მანჩესტერული ფინალი და ასეთი სიტუაციაა - კარლო ანჩელოტი ხუთ კაცს ვერ აგროვებს, რომელიც პენალტს შეასრულებს. ფილიპო ინძაგი ერთ-ერთი შტატიანი პენალტისტი იყო, მაგრამ უარი თქვა და მიზეზად არც მეტი არც ნაკლები ფაღარათი დაასახელა. აქედან გამომდინარე, მწვრთნელს ვუთხარი, რომ მე დავარტყამდი და გატანის იმედიც მქონდა, რადგან ის მატჩი მაღალ დონეზე ჩავატარე და ფსიქოლოგიურადაც კარგად ვიყავი მომზადებული. დასარტყმელად რომ დავიძარი, ბურთი უკან წამოვიდა, რამაც ჩემი ყურადღება მიიპყრო, კონცენტრაცია დავკარგე და გატანაშიც ხელი ამან შემიშალა.
ცნობისათვის, კახა კალაძემ „მილანთან“ ერთად 2-ჯერ უეფას ჩემპიონთა ლიგა (2003, 2007), 2-ჯერ ევროპის სუპერთასი (2003, 2007), თითოჯერ კი სკუდეტო (2004), კოპა იტალია (2003), იტალიის სუპერთასი (2004) და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი (2007) მოიგო.