ნეაპოლური მედია: „კვარამ იმედები გაგვიცრუა“
სკუდეტოსთვის ბრძოლაში ერთ-ერთ კონკურენტთან და ისტორიულ მეტოქე „იუვენტუსთან“ სტუმრად აღებული ერთი ქულა „ნაპოლისთვის“ ცუდი შედეგი არ უნდა იყოს, მაგრამ ნეაპოლური მედია პარტენოპეის თამაშს მაინც დიდი კრიტიკით შეხვდა და ბუნებრივია, ჟურნალისტები ყველაზე უფრო მეტად ლიდერების სუსტი თამაშით იყვნენ იმედგაცრუებული. „იუვე“ – „ნაპოლის“ შეხვედრის შეჯამებისთვის მიძღვნილ ერთ-ერთ გადაცემაში ნეაპოლურმა მედიამ ხვიჩა კვარაცხელიას ასპარეზობით უკმაყოფილება ვერ დამალა.
რას ამბობენ კვარაზე
ტურინში კვარას ასპარეზობა ჩვენთვის ყველასთვის დიდი იმედგაცრუება იყო. წლევანდელი სეზონი კარგად დაიწყო და თითქმის ყველა მატჩში „ნაპოლის“ წარმატებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა, თუმცა სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ პარტენოპეის აქამდე „ბებერი სინიორას“ კალიბრის მოწინააღმდეგე არ ჰყოლია. დიდ ფეხბურთელებად კი სწორედ ასეთ დიდ მატჩებში თავის გამოჩენის შედეგად ყალიბდებიან.
ხუთ ტურის შემდეგ „ნაპოლის“ აქტივში 10 ქულაა და პიემონტში დაკარგული ქულების შემდეგ კლუბმა წინა ტურში მოპოვებული ლიდერობა დაკარგა. მომდევნო შეხვედრას ხვიჩა კვარაცხელია და მისი თანაგუნდელები 26 სექტემბერს, იტალიის თასზე „პალერმოსთან“ გამართავენ, რომელიც თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.