სანდრო ალთუნაშვილი, ოთარ კიტეიშვილი, ვოლფსბერგერი, გრაცის შტურმი
Aa
Aa

შტურმის უშანსო მარცხი - ქართველების დუელი ალთუნაშვილმა მოიგო

ავსტრიის ბუნდესლიგის მე-7 ტურში ქართველი ფეხბურთელების დუელი შედგა. ოთარ კიტეიშვილის გრაცის „შტურმმა“ საკუთარ მოედანზე სანდრო ალთუნაშვილის „ვოლფსბერგერს“ უმასპინძლა და უშანსოდ, 0:3 დამარცხდა.

ორივე ქართველი თავისი გუნდების სასტარტო შემადგენლობებში იყვნენ და ბოლომდე შეუცვლელად ითამაშეს. სანდრო ალთუნაშვილს საგოლე მომენტი არ ჰქონია, კიტეიშვილი კი მეტოქის კარს ერთხელ დაემუქრა, თუმცა, ქართველ ნახევარმცველს „ვოლფსბერგერის“ მეკარემ აჯობა.

სტუმარმა გუნდმა ანგარიში მე-20 წუთზე, ბალოს გოლით გახსნა და ტაიმი მინიმალური სხვაობით მოიგო. საგულისხმოა, რომ გოლის ეპიზოდში, საბედისწერო შეცდომა კიტეიშვილმა დაუშვა, რომელმაც საჯარიმოს მისადგომებთან ბურთი დაკარგა და შედეგად, ბალომ ამ ეპიზოდით ბრწყინვალედ ისარგებლა.

მეორე ნახევარში, 72-ე წუთზე ატანგამ „ვოლფსბერგერის“ უპირატესობა ორბურთამდე გაზარდა, საბოლოო ანგარიში კი შეხვედრის მიწურულს კოჟზეკმა დააფიქსირა.

კიტეიშვილი ბურთს 61-ჯერ შეეხო. 37-დან 25 პასი ზუსტად გააკეთა, აქედან ერთი გარდამტეხი პასი იყო. კარის მიმართულებით ორჯერ დაარტყა, ერთი კი კარის ჩარჩოში წავიდა. 6 დრიბლინგის მცდელობიდან 4 ზუსტი ჰქონდა. 12-დან 5 პოზიციური დუელი მოიგო, 4-დან 1 კი საჰაერო. მეტოქის წინააღმდეგ ერთხელ დაჯარიმდა, ერთხელაც კი თავი მეტოქეს დააჯარიმებინა. მისი საერთო შეფასება 6.2-ს გაუტოლდა.

რაც შეეხება ალთუნაშვილს, სანდროს ბურთთან 44 შეხება ჰქონდა. 24-დან 17 პასი ზუსტად შეასრულა. ორი დრიბლინგის მცდელობიდან ორივე ზუსტი ჰქონდა. 15 პოზიციური დუელიდან 7 მოიგო. მეტოქის წინააღმდეგ 4-ჯერ დაჯარიმდა. „შტურმის“ შეტევა 3-ჯერ განმუხტა, 1 დარტყმა დაბლოკა და 2 ართმევა ჰქონდა. ალთუნაშვილს შეფასების სახით 6.8 ქულა ერგო.

7 ტურის შემდეგ, „შტურმი“ გათამაშების სატურნირო ცხრილში 12 ქულით მე-3 პოზიციაზე იმყოფება, „ვოლფსბერგერი“ კი დროებით პირველ ადგილზე აღზევდა. კიტეიშვილის გუნდი მომდევნო ტურში სტუმრად ვენის „აუსტრიას“ (25 სექტემბერი) დაუპირისპირდება ალთუნაშვილის გუნდი კი საკუთარ მოედანზე „ტიროლს“ (29 სექტემბერი) უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები