ბუდუ ზივზივაძე
Aa
Aa

კარლსრუემ ქულები დაკარგა | ბუდუ ბომბარდირთა დავაში კვლავ პირველზეა

გერმანიის ბუნდესლიგა 2-ის მე-6 ტურში „მაგდებურგი’’ - „კარლსრუეს’’ შეხვედრა 2:2 დასრულდა. თავდაპირველად „მაგდებურგი'' დაწინაურდა, შემდეგ „კარლსრუემ'' თამაში შემოატრიალა, თუმცა მატჩის მიწურულს გატანილი გოლით მასპინძლებმა თამაში გადაარჩინეს.

„კარლსრუეს'' მთავარმა მწვრთნელმა კრისტიან აიხნერმა ბუდუ ზივზივაძე სასტარტოში შეუცვლელად ათამაშა. ქართველმა თავდამსხმელმა 75-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.

ბუდუმ მინდორზე 14-დან 6 ორთაბრძოლა მოიგო, მეორე სართულზე 5-დან - 2 ორთაბრძოლა. ქართველმა თავდამსხმელმა 24 პასი შეასრულა, 24-დან 19 ზუსტი იყო. კარისკენ ერთხელ დაარტყა და ზუსტად.

გატანილ გოლებში ბუდუს მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა ბევრი იშრომა, დაცვით ფუნქციებს დიდი მონდომებით ასრულებდა და ცდილობდა შეტევაში პროდუქტიული ყოფილიყო, მაგრამ ამ მხრივ მისი საუკეთესო თამაში არ ყოფილა, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ რეალური საგოლე მომენტი არ ჰქონია.

ბუნდესლიგა 2-ის ბომბარდირთა დავაში ბუდუ 6 გოლით კვლავ პირველ ადგილზეა, მეორეადგილოსნებს 2 გოლით უსწრებს. სეზონი 30 წლის თავდამსხმელმა ბრწყინვალედ დაიწყო, ბუნდესლიგა 2-ის ექვს ტურში 6 გოლი შეაგდო და 1 საგოლე პასი შეასრულა. პლუს, გერმანიის თასის ერთ მატჩში მის აქტივში 1 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.

ამ სეზონში „კარლსრუემ'' ბუნდესლიგა 2-ის 6 ტურიდან 4 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა, 14 ქულით „დიუსელდორფთან'' ერთად პირველ ადგილს იყოფს. მომდევნო ტურში „კარლსრუე'' „კიოლნს'' ესტუმრება (29 სექტემბერი).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები