ფლანგზე ან სკამზე | მიქაუტაძის უგოლო სერია და უცვლელი პრობლემა
L’equipe-ს ცნობით, „ლიონის’’ მთავარი მწვრთნელი პიერ საჟი გიორგი მიქაუტაძეს სასტარტოში „მარსელთან'' დააბრუნებს. ლიგა 1-ის გასულ ტურში მიქაუტაძე „ლანსთან’’ სათადარიგოთა სკამზე იჯდა და თამაშში 59-ე წუთზე ჩაერთო. სამწუხაროდ, გოლი ვერც აღნიშნულ მატჩში შეაგდო.
თუ აღნიშნულ ავტორიტეტულ გამოცემას დავეყრდნობით, მიქაუტაძე დღეს მარცხენა ფლანგზე ითამაშებს, მარჯვენა ფლანგზე ენსლი მაიტლანდ-ნაილსი იქნება, ცენტრფორვარდად კი კვლავ ლაკაზეტის ვიხილავთ. მიზერულია იმის შანსი, რომ „ლიონმა'' „მარსელთან'' 2 ფორვარდით ითამაშოს. თუ ქართველი თავდამსხმელი კვლავ ფლანგზე ითამაშებს და ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ მატჩებს გავითვალისწინებთ, მისი თამაშის მიმართ დიდი მოლოდინი არ უნდა გვქონდეს, რადგან ამ პოზიციაზე გაცილებით ნაკლებად პროდუქტიულია. ამ თემაზე საუბრისას მიქაუტაძე აღნიშნავს, რომ ცდილობს მაქსიმუმი აჩვენოს, თუმცა ეს მისი პოზიცია არაა და „ლიონი'' მის საუკეთესო თვისებებს ვერ იყენებს. ასევე გეტყვით, რომ ზოგიერთი სხვა ფრანგული წყარო მიქაუტაძეს სავარაუდო სასტარტო შემადგენლობაში არ ასახელებს. ასე რომ, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდს ან სათადარიგოთა სკამზე ვიხილავთ ან ფლანგზე ათამაშებენ.
ეს პრობლემა ლიგა 1-ის მეორე ტურში „მონაკოსთან'' გამოჩნდა, როცა ლაკაზეტი ოლიმპიადიდან დაბრუნდა, მიქაუტაძემ პირველ ტაიმში ტრავმირებული თანაგუნდელი შეცვალა და ფლანგზე ითამაშა. ამ მატჩის შემდეგ ფეხბურთელმა განაცხადა: „მწვრთნელმა მითხრა, რომ ამ პოზიციაზე ვჭირდები. მე ვცდილობ ჩემი მაქსიმუმი ვაჩვენო მაშინაც კი, როცა ჩემს პოზიციაზე არ ვთამაშობ. ჩემი პოზიცია 9 ნომერია. თუ მწვრთნელი სხვა პოზიციაზე მათამაშებს, ფლანგზე ან ათიანზე, მაქსიმალურად დავიხარჯები. გადაწყვეტილებებს მწვრთნელი იღებს. მე უპირატესობას 9-იანზე თამაშს ვანიჭებ, მაგრამ ვნახეთ, რომ მწვრთნელმა ასე გადაწყვიტა’’.
23 წლის ქართველმა ფორვარდმა მიმდინარე სეზონში ლიგა 1-ის ოთხივე ტურში ითამაშა, 4-დან ორ მატჩში სასტარტოში იყო, „მონაკოსთან’’ და „ლანსთან’’ ცვლილებაზე გამოვიდა, „ლიონში'' სადებიუტო გოლი ჯერ არ გაუტანია. ამის მიუხედავად, ვილი სანიოლი სრულ ნდობას უცხადებს და სექტემბერში ორივე მატჩში, ალბანეთთან და ჩეხეთთან სასტარტოში ათამაშა. ჩეხეთთან სანაკრებო კარიერაში მე-14 გოლი შეაგდო, თორნიკე ოქრიაშვილსა და ვაკო ყაზაიშვილს გაასწრო, მე-4 პოზიციაზე მყოფ ალექსანდრე იაშვილს 1 გოლით ჩამორჩება.
ლიგა 1-ის საწყის ოთხ ტურში „ლიონმა'' მხოლოდ 1 მატჩი მოიგო, 1 ფრედ დაასრულა, 2 დათმო, 3 ქულით მე-13 ადგილზეა. მე-5 ტურში „ლიონი'' - „მარსელის'' შეხვედრა დღეს ღამით, 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.