„სრულყოფილი მატჩი გვქონდა“ | ბარახა ვალენსია-ჟირონაზე
„ვალენსიას“ მთავარმა მწვრთნელმა, რუბენ ბარახამ „ჟირონასთან“ მოგებული მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა და მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვების, ასევე კარის მშრალად შენახვის მნიშვნელობაზე ისაუბრა, რაც დიდწილად გიორგი მამარდაშვილის დამსახურებაა, რომელიც ლა ლიგამ მატჩის MVP-დ აღიარა.
რუბენ ბარახა:
ჩავატარეთ სრულყოფილი მატჩი ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ. ფენომენალურად ვითამაშეთ, ენერგიით, გამარჯვების წყურვილით და ცოტათი გაგვიმართლა კიდეც.
ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ ეს გამარჯვება მომავლისთვის დამაჯერებლობას შეგვმატებს. ასევე, გავახარეთ გულშემატკივრები, რომლებიც ამჯერადაც საუცხოოდ გვეხმარებოდნენ. როდესაც 5 მატჩის განმავლობაში ვერ იგებ, შემდეგ კი საკუთარი გულშემატკივრების თვალწინ იმარჯვებ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
როდესაც „ჟირონა“ ბურთს ფლობს, ისინი თავს კომფორტულად გრძნობენ, ანელებენ მატჩის ტემპს და თავისუფალ სივრცეებს უტევენ. ამიტომ გვინდოდა, რომ მათ ეს კომფორტი არ ეგრძნოთ.
მშრალად შევინახეთ კარი, რაც კონცენტრაციის ძალიან მაღალ დონეს მოითხოვს. პირველ ტაიმში უბურთოდ კარგად ვმოძრაობდით, მეორეში კი გამარჯვებისთვის აუცილებელი ნაბიჯები გადავდგით.
მამარდაშვილის „ვალენსიამ“ შინ „ჟირონას“ 2:0 მოუგო და ლა ლიგაში პირველი 3 ქულა მოიპოვა. ქართველმა მეკარემ მიმდინარე სეზონში პირველი „მშრალი“ მატჩი ჩაატარა და მატჩის MVP-დ დასახელდა.
6 ტურის შემდეგ „ვალენსიას“ 4 ქულა აქვს და ამ დროისთვის მამარდას გუნდი სატურნირო ცხრილის მე-18 პოზიციაზეა. მომდევნო მატჩს „ღამურები“ 24 სექტემბერს „ოსასუნას“ წინააღმდეგ გამართავენ.