უოტფორდის მარცხი - ჩაკვეტაძე დაბრუნდა და მაგარი მატჩი ჰქონდა
ინგლისის ჩემპიონშიფის მე-6 ტურში „უოტფორდი“ სტუმრად „ნორვიჩს“ დაუპირისპირდა და 1:4 დამარცხდა.
შეხვედრაში იყო მომენტები, როცა თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა და „უოტფორდს“ წინ გასვლაც შეეძლო, თუმცა კლასი დააკლდათ და მასპინძლებმა დამაგვირგვინებელ ფაზაში ბევრად უფრო ცივსისხლიანად იმოქმედეს.
გადამწყვეტი პირველი ტაიმის ბოლო წუთზე გაშვებული გოლი იყო, რომლითაც „ნორვიჩმა“ შესვენებაზე გასვლა 2:1-ით შეძლო.
რაც შეეხება გიორგი ჩაკვეტაძეს, ქართველმა შემტევმა შეხვედრა სასტარტოდან დაიწყო და 90 წუთიც ითამაშა. ყველანაირი ეჭვის გარეშე - ჩაკვე თავისი გუნდის რიგებში საუკეთესო იყო და ბევრი დასამახსოვრებელი მომენტიც შექმნა. ახლოს იყო კუთხურიდან გატანასთანაც. 2 პოტენციური საგოლე პასი კი თანაგუნდელებმა გაუფუჭეს. მეორე ტაიმში კი თავის სტილში ბრწყინვალე დრიბლინგიც შემოგვთავაზა, თუმცა ბოლო მომენტში მცველმა მისი პასი ჩაჭრა და საგოლე მომენტი გაფუჭდა.
ასევე აღსანიშნავია ის, რომ პირველ ტაიმში ქლევერლიმ ჩაკვეტაძე მისთვის საუკეთესო პოზიციაზე არ გამოიყენა და უფრო მეტად მარჯვენა ფლანგზე უწევდა მოქმედება, რა დროსაც როგორც წესი ჩაკვეს სარგებლიანობა იკლებს.
ამრიგად, 6 ტურის შემდეგ „უოტფორდს“ 10 ქულა აქვს და ჯერჯერობით მე-5 ადგილზე იმყოფება, თუმცა ტურის დასრულების შემდეგ, სავარაუდოდ უფრო ქვემოთ ჩამოიწევენ. მე-7 ტურში ჩაკვე და კომპანია 28 სექტემბერს „სანდერლენდს“ უმასპინძლებს. იქამდე კი 24-ში თასზე „მანჩესტერ სიტის“ ესტუმრება.