ირაკლი ლილუაშვილი
Aa
Aa

ჰოლდინგის იდეა დიდ საფეხბურთო ბაზარზე გაგვიყვანს - ინტერვიუ ირაკლი ლილუაშვილთან

2024 წლის ზაფხული ქართველი ფეხბურთელების ტრანსფერების ისტორიაში გამორჩეულია, „ლიონმა’’ მიქაუტაძე, ქართული ფეხბურთისთვის სარეკორდო თანხად, 18,5 მილიონ ევროდ შეიძინა, თუმცა რეკორდი ამავე ზაფხულში გაუმჯობესდა, „ლივერპულმა’’ მამარდაშვილის სანაცვლოდ 35 მილიონი გადაიხადა და როგორც შოთა არველაძემ აღნიშნა, ქართველი მეკარის ასეთი დონის კლუბში ტრანსფერი კოსმოსში გაფრენას ჰგავდა. მიქაუტაძისგან განსხვავებით მამარდაშვილის ტრანსფერი კიდევ ერთი კუთხითაა მნიშვნელოვანი, მას ქართველი მენეჯერი ლევან სეთურიძე (Free Football) წარმოადგენს.

ქართველი ფეხბურთელების დიდი პროგრესის ფონზე მენეჯერი ირაკლი ლილუაშვილი, ბენე სპორტის დამფუძნებელი, CrystalSport-თან ინტერვიუში საინტერესო და ამბიციურ იდეაზე საუბრობს. ახლა, როცა ქართველი ფეხბურთელების მიმართ ინტერესი მკვეთრად გაიზარდა, ქართულმა სამენეჯერო კომპანიებმა ეს მომენტი უნდა გამოიყენონ, ერთი ჰოლდინგის ქვეშ გაერთიანდნენ, რაც საშუალებას მისცემთ კონკურენციაში სხვა უცხოურ კომპანიებთან შევიდნენ, მხოლოდ ქართული მარკეტით არ შემოიფარგლონ და უცხოელ ფეხბურთელებზეც გადაერთონ.

იდეა გულისხმობს როგორც გამოცდილი, ასევე დამწყები მენეჯერების გაერთიანებას. გარდა ამისა, იმ ავტორიტეტული პირების ჩართულობას, რომლებიც ტრანსფერებს ახორციელებენ, თუმცა მათ საქმიანობას ოფიციალური სახე არ აქვს, მენეჯერებად არ არიან დარეგისტრირებულნი.

ირაკლი ლილუაშვილი: „თუ ერთი ჰოლდინგის ქვეშ გავერთიანდებით, უფრო წარმატებული ვიქნებით. ნებისმიერი დიდი სამენეჯერო კომპანია, მაგალითად SEG-ი და Wasserman-ი, სხვადასხვა მენეჯერების გაერთიანებით შეიქმნა. თითოეულს თავისი სიძლიერე აქვს.

ფეხბურთელების ინდიკატორი მათი სატრანსფერო ღირებულებაა (Transfermarkt-ის მონაცემებით). სამენეჯერო კომპანიას ფეხბურთელების ფასი აძლიერებს. თუ ფეხბურთელების ჯამური ფასი €80 მილიონია, მსოფლიოს მასშტაბით ასეულში შედიხარ და იქ მოხვედრა უკვე დიდი ძალაა, უკვე ავტორიტეტი ხარ მსოფლიო ბაზარზე. სხვანაირად აღიქმება, როცა ასეთი სააგენტო ფეხბურთელს წარადგენს. ასევე, ამ საქმიანობაში კონტაქტები ძალიან მნიშვნელოვანია. თუ ახლა მე 100 კონტაქტი მაქვს, გაერთიანების შემთხვევაში შესაძლოა 500 კონტაქტი გვქონდეს და ასე უფრო მარტივად ხდება ფეხბურთელის პრეზენტაცია. მეტწილად, როცა ქართველი ფეხბურთელი უცხოურ კლუბში გადადის, ტრანსფერის განხორციელებაში ქართულთან ერთად უცხოური სააგენტოც მონაწილეობს, მაგრამ თუ ჩვენ ერთ დიდ კომპანიად ჩამოვყალიბდებით, უცხოური სააგენტოს ჩართვა საჭირო აღარ იქნება და პირდაპირ ჩვენ ვესაუბრებით დაინტერესებულ კლუბებს.

საქართველო პატარა მარკეტია. გაერთიანებით ერთ ისეთ ძლიერ კომპანიად ჩამოვყალიბდებით, რომელიც უცხოურ კომპანიებთან კონკურენციაში შევა და მხოლოდ ქართველ ფეხბურთელებზე არ იმუშავებს, არამედ უცხოელებზეც გადაერთვება. ბრაზილიელი ფეხბურთელი დაინახავს, რომ ერთი ფეხბურთელი „ლივერპულში’’ გყავს, მეორე „კოპენჰაგენში,’’ მესამე „შტურმშია’’ და ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობს, მეოთხე სერია A-შია და ასე შემდეგ, სხვა თვალით შემოგხედავს, უფრო ავტორიტეტული ხდები. იგივეა კლუბებთან მოლაპარაკებებისას, როცა ასეთ კომპანიას წარმოადგენ, გამორიცხულია ყურადღება არ მიიქციო’’.

ბენე სპორტი უნგრეთში მოღვაწე ქართველ მენეჯერთან, ლაშა ოდილაძესთან გაერთიანდა. თუ გაერთიანებამდე ბენე სპორტში საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთი ფეხბურთელი შედიოდა და ოდილაძე სამ ასეთ ფეხბურთელთან თანამშრომლობდა, გაერთიანების შემდეგ ევრო 2024-ზე მათი 4 ფეხბურთელი იყო: ლაშა დვალი, ბუდუ ზივზივაძე, გიორგი გოჩოლეიშვილი და გიორგი ქვილითაია. გაერთიანებამ განაპირობა ფეხბურთელთა საერთო ღირებულებისა და შესაბამისად კომპანიის იმიჯის ზრდა. ასევე, გასულ ზაფხულში ბენე სპორტი 9 ფეხბურთელის ახალ კლუბში მოწყობაში მონაწილეობდა, მათგან 4 ეროვნული ნაკრების მოთამაშეა.

ირაკლი ლილუაშვილი: „არ ვამბობ რომ ყველა ბენე სპორტში მოვიდეს, ყველას თავისი სახელი აქვს, შეიძლება სახელის მოფიქრება და ერთი ჰოლდინგის ქვეშ გაერთიანება.

მცირე ადამიანური რესურსით მსოფლიო ბაზარზე კონკურენტუნარიან კომპანიას ვერ ჩამოვაყალიბებთ. მესმის რომ ადამიანთა გაერთიანება რთულია, მაგრამ გამორიცხულია ამ იდეამ არ იმუშავოს’’.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები