პიოლი: „რონალდუ მესიზე უკეთესია“
რაც მოსალოდნელი იყო, ის იმაზე უფრო მალე მოხდა, ვიდრე ვარაუდობდნენ. „ალ-ნასრის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე დანიშვნიდან რამდენიმე დღეში სტეფანო პიოლიმ უკვე განაცხადა, რომ კრიშტიანუ რონალდუ ლიონელ მესიზე მაღალი დონის ფეხბურთელია. მისთვის სადებიუტო შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრეს კონფერენციაზე იტალიელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ პორტუგალიელის გატანილი გოლების რაოდენობა ჩატარებულ მატჩებზე მეტია, რაც უკვე ყველაფერზე მეტყველებს.
პიოლის სადებიუტო გამარჯვების მოპოვებაში რონალდუმ ფასდაუდებელი სამსახური გაუწია, რადგან „ალ-იტიფაკთან“ მოგებულ შეხვედრაში ანგარიში ზუსტი 11-მეტრიანით სწორედ მან გახსნა. დარჩენილ დროში კი სადიო მანეს გადაცემით ჯერ სალემ ალ ნაჯიმ, შემდეგ კი ანდერსონ ტალისკამ გაიტანეს.
იტალიელმა სპეციალისტმა „ალ-ნასრის“ დამრიგებლის პოზიციაზე პორტუგალიელი ლუიშ კაშტრუ შეცვალა, რომელიც ერთი წლის წინ გუნდში რონალდუს უშუალო რეკომენდაციით მიიყვანეს, თუმცა მის ხელში გასული სეზონი კლუბმა უტიტულოდ დაასრულა და კაშტრუმ გაცემული ავანსები აშკარად ვერ გაამართლა.