იამალის ოჯახს ემუქრებიან - ფეხბურთელის ბებიის განცხადება
„ბარსელონასა“ და ესპანეთის ნაკრების 17 წლის ვარსკვლავის, ლამინ იამალის ოჯახს მუქარის წერილებს სისტემატურად უგზავნიან. ავტორიტეტული კატალონიური ვებ-გვერდის, Sport.es-ის ცნობით, ფეხბურთელის ბებიამ სამართალდამცავებს უკვე მიმართა. ჩვენებაში წერია, რომ როგორც მას, ასევე მისი ოჯახის წევრებს ჯერჯერობით დაუდგენელი ადამიანები მოკვლით ემუქრებიან.
სხვათა შორის, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ლამინის ოჯახი და მისი გარემოცვა საფრთხეშია. რამდენიმე კვირის წინ, „ნოუ კამპის„ მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდა ფორვარდის მამა მუნირ ნაზრაუი დანით დაჭრეს, რის შემდეგაც მისი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს, მაგრამ პოლიციას ჯერჯერობით ბოროტმოქმედები არ დაუპატიმრებია.
წლევანდელი სეზონი ლამინ იამალისთვის ფენომენალურად დაიწყო - ყველა ტურნირზე გამართულ 6 შეხვედრაში მის ანგარიშზე 4 გოლთან ერთად, ამდენივე საგოლე გადაცემაა. ასევე მას უდიდესი წვლილი მიუძღვის ესპანეთის ნაკრების ევროპის ჩემპიონობაში, სადაც ის ტურნირის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად აღიარეს.