„იმედია 2025-ში კორტზე ორივეს ვიხილავ“ - ფედერერი რაფასა და ნოლეზე
კარიერის დასრულების შემდეგ, როჯერ ფედერერი მედიის წარმომადგენლებთან იშვიათად კონტაქტობს და ცდილობს დროის უდიდესი ნაწილი ოჯახის წევრებს დაუთმოს. თუმცა, პერიოდულად სხვადასხვა ღონისძიებებზე გამოჩენა უწევს, რადგან სხვადასხვა კომპანიების სახეა და სწორედ იქ ცდილობს ჟურნალისტების ცნობისმოყვარეობა მაქსიმალურად დააკმაყოფილოს. ამჯერად მან ერთ-ერთ შვეიცარულ სპორტულ გამოცემასთან ინტერვიუში ნოვაკ ჯოკოვიჩისა და რაფაელ ნადალის სახით იმ ჩოგბურთელებზე ისაუბრა, რომლებიც მისი მთავარი კონკურენტები იყვნენ.
რას ამბობს ფედერერი
ძალიან გამიხარდებოდა ნადალს რომ ლეივერის თასზე ეთამაშა, მაგრამ პირადად დამიკავშირდა და მითხრა, რომ საამისოდ მზად არ იყო. ზუსტად ვიცი რაფა ახლა რა ეტაპს გადის - ფიქრობს რა გააკეთოს, გააგრძელოს ჩოგბურთის თამაში, თუ ცხოვრების სხვა ეტაპზე გადავიდეს. წარმოუდგენლად სასიხარულო იქნება, თუ ის ერთი სეზონი კიდევ ითამაშებს, რადგან მან სპორტს ყველაფერი მისცა, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ამის თაობაზე გადაწყვეტილება მხოლოდ თავად ნადალმა უნდა მიიღოს.
ნოვაკ ჯოკოვიჩმა ოლიმპიური თამაშები მოიგო და ამით ყველაფერი ნათქვამია. მცირე ტრავმები აწუხებს, მაგრამ ტურნირებს ამის გამო არ ტოვებს, უბრალოდ ძალებს სწორად ანაწილებს, რაც მისი ასაკის გათვალისწინებით სრულიად ნორმალურია. დიდი ინტერესით ველოდები 2025 წლის პირველ დიდი მუზარადის ტურნირს, სადაც ნოლე კარლოს ალკარასთან და იანიკ სინერთან ერთად, მთავარი ფავორიტი იქნება.
ცნობისათვის, როჯერ ფედერერს დიდი სლემის ტურნირები 20-ჯერ აქვს მოგებული და ამ მხრივ მხოლოდ ნოვაკ ჯოკოვიჩსა (24) და რაფაელ ნადალს (22) ჩამორჩება. ლეგენდარული შვეიცარიელი 6-ჯერ ავსტრალიის ღია პირველობის, ერთხელ როლან გაროსიწ, 8-ჯერ უიმბლდონის და 5-ჯერ ამერიკის ღია პირველობის ჩემპიონი გახდა.