902-ე გოლი და 165-ე პენალტი - რონალდუმ პიოლის დებიუტი გაულამაზა
საუდის არაბეთის საფეხბურთო ჩემპიონატის მე-4 ტურში „ალ-ნასრის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე სტეფანო პიოლის დებიუტი შედგა, რომელიც წარმატებული აღმოჩნდა და კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა თანაგუნდელებმა სტუმრად სტივენ ჯერარდის მომზადებული „ალ-იტიფაკი“ 3-0 დაამარცხეს. გამარჯვებულებს შორის საუკეთესო სადიო მანე გახლდათ, რომელმაც 2 საგოლე გადაცემა შეასრულა, თუმცა თავისი რეკორდებითა და მიღწევებით თამაშის შემდეგ ყურადღების ცენტრში ისევ რონალდუ მოექცა.
39 წლის პორტუგალიელმა პირველ ტაიმში ანგარიში პენალტის ნიშნულიდან გახსნა და ეს მის კარიერაში გატანილი რიგით 165-ე თერთმეტმეტრიანი გახლდათ. რონალდუმ „ალ-ნასრში“ გადასვლის შემდეგ უმაღლესი საფეხბურთო სასჯელის შესრულება საკუთარ თავზე 16-ჯერ აიღო და ყველა შემთხვევაში გოლად აქცია. მთლიანად კარიერაში კი 195-ჯერ შესრულებული პენალტიდან მხოლოდ 30 აქვს გაცუდებული. შედარებისთვის გეტყვით, რომ ლიონელ მესიმ 140 თერთმეტმეტრიანიდან გოლად 109 აქცია, 41 შემთხვევაში კი მიზანს ვერ მიაღწია.
ცნობისათვის, წლევანდელ სეზონში „ალ-ნასრის“ რიგებში გამართული 8 მატჩიდან კრიშტიანუმ შვიდში ბურთი გაიტანა და გატანილი გოლის გარეშე მოედანი მხოლოდ ერთხელ, 13 სექტემბერს, „ალ-აჰლისთან“ შეხვედრაში დატოვა. პორტუგალიელი ვარსკვლავის ანგარიშზე საკლუბო დონეზე საერთო ჯამში გამართულ 770 თამაშში 902 გოლია.