„რეალურია, მუნდიალზე აუცილებლად გავალთ“ - ინტერვიუ კახა ჩხეტიანთან
კახა ჩხეტიანმა სამწვრთნელო ასპარეზზე სახელი ძირითადად მისთვის მშობლიურ ქუთაისის „ტორპედოში“ მუშაობისას გაითქვა, რომლის დამრიგებლის ამპლუაშიც ყველა შესაძლო საკლუბო ტიტული მოიგო. უკანასკნელი თვეებია კი ის „კოლხეთს“ უდგას სათავეში და ცუდად დაწყებული სეზონის შემდეგ, ფოთელებმა Crystalbet ეროვნულ საფეხბურთო ლიგის სატურნირო ცხრილში მისი ხელმძღვანელობით მდგომარეობა გაიუმჯობესეს, ხოლო დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშებაში ნახევარფინალის საგზური მოიპოვეს. Crystalsport-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ჩხეტიანმა როგორც საკლუბო, ასევე სანაკრებო თემებზე საინტერესოდ ისაუბრა.
კახა ჩხეტიანი
„კოლხეთში“ ყველაფერი კარგად მიდის და მიხარია, რომ თასის ნახევარფინალის საგზური მოვიპოვეთ. ბოლო ტურებში Crystalbet ეროვნულ ლიგაში ცოტა გვიჭირს დადებითი შედეგების მიღწევა, მაგრამ ამის გამოსწორებას შევძლებთ.
ვფიქრობ, რომ საქართველოს წლევანდელი ჩემპიონატი წინაზე უკეთესი არაფრით არის. ცუდია ის ფაქტი, რომ როგორცკი რომელიმე ფეხბურთელი მაღალ დონეზე ითამაშებს, წასვლაზე უჭირავს თვალი, რაც ბუნებრივია Crystalbet ეროვნული ლიგის ხარისხზე მოქმედებს.
რა აზრის ვარ გიორგი აბუაშვილზე? ძალიან დიდი პოტენციალის ფეხბურთელია, ბევრს შრომობს და ყოველდღიურად იზრდება. მასში ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ პირად ინტერესებს გუნდურზე წინ არასოდეს აყენებს. ვიტყვი იმას, რომ თუ გამოჩნდა მისთვის შესაფერისი და უმაღლესი დონის კლუბის, ხაზს ვუსვამ, მისთვის შესაფერისი კლუბის ვარიანტი, გიორგის შენარჩუნება ძალიან გაგვიჭირდება.
ეროვნული ნაკრების თამაშზე კარგის მეტს ვერაფერს ვიტყვი. მარტის მატჩების დროს ვილი სანიოლი მეორე ნომრად ასპარეზობას ანიჭებდა უპირატესობას. ევროპის ჩემპიონატზე და ერთა ლიგის საწყის ორ შეხვედრაში კი მან ყველას კარგად უჩვენა, რომ შედეგზე ორიენტირებული შემტევი ფეხბურთის თამაშიც შეგვიძლია. ბევრი მეკითხება და ყველას ასე ვპასუხობ - რეალურიც არის და მჯერა, რომ მუნდიალზე გავალთ.
ზივზივაძე ქუთაისის „ტორპედოში“ ჩემი ხელმძღვანელობით თამაშობდა და მას მართლაც კარგად ვიცნობ. ბუდუზე ასე ვიტყოდი - ის არის ფეხბურთელი, რომელსაც თუ შანსს მისცემ, ნებისმიერ ლიგაში გაგიმართლებს იმედებს.
კახა ჩხეტიანმა „ტორპედოში“ მთავარ მწვრთნელად მუშაობისას, 2017 წელს Crystalbet ეროვნული ლიგა, 2016, 2018 და 2022 წლებში დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი, ხოლო 2018 და 2019 წლებში სლავა მეტრეველის სახელობის ქვეყნის სუპერთასი მოიგო.