გოგლიჩიძის ზედიზედ მესამე სასტარტო - ემპოლიმ კალიარის მოუგო
იტალიის სერია A-ს მე-5 ტურში, საბა გოგლიჩიძის „ემპოლი“ სტუმრად „კალიარის“ დაუპირისპირდა და დამაჯერებლად, 2:0 გაიმარჯვა. ქართველი მცველი „ემპოლის“ სასტარტოში ზედიზედ მესამედ გამოჩნდა და სასიამოვნოა, რომ მისმა გუნდმა ზედიზედ მეორედ, მატჩი გაშვებული გოლის გარეშე დაასრულა. ასევე, საბას სასტარტოში გამოჩენის შემდეგ, „ემპოლის“ არცერთი შეხვედრა არ წაუგია და ზოგადად, მისი გუნდი სერია A-ში ამ დრომდე წაუგებლად ასპარეზობს.
გოგლიჩიძის გუნდმა ანგარიში 33-ე წუთზე, კოლომბოს გოლით გახსნა, 49-ე წუთზე კი ესპოზიტომ „კალიარის“ კარში მეორე გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
რაც შეეხება საბას, ქართველმა მცველმა მთელი მატჩი უშეცდომოდ ჩაატარა და რამდენიმე სახიფათო ეპიზოდიც განმუხტა. გოგლიჩიძის სტატისტიკა ასეთი იყო: სამი განმუხტული სიტუაცია, 1 დაბლოკილი დარტყმა, 2 ართმევა. 6-დან 2 პოზიციური დუელის მოგება, 9-დან 3 საჰაერო დუელის მოგება, 1 დაჯარიმება. ბურთთან 35 შეხება, 22-დან 17 ზუსტად შესრულებული პასი. საერთო შეფასება - 6.8.
შეგახსენებთ, რომ საბა გოგლიჩიძემ „ემპოლის“ მაისურით პირველად მე-3 ტურში, „ბოლონიასთან“ ითამაშა და ის შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულა. მე-4 ტურში, ქართველი მცველი „იუვენტუსთან“ გამოჩნდა და ის მატჩიც ფრედ, 0:0 დასრულდა, ამჯერად კი მისმა გუნდმა „კალიარისთან“ 2:0 მოიგო.
„ემპოლი“ 5 ტურის შემდეგ სერია A-ს სატურნირო ცხრილში 9 ქულით მე-3 ადგილზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას კი 24 სექტემბერს, სტუმრად, „ტორინოსთან“ გამართავს.