„მესმოდა ქართველების შეძახილებიც, მადლობა ყველას...“ | დვალიშვილი ომალისთან ბრძოლაზე
მერაბ დვალიშვილმა ვატო ღვინჯილიას YouTube-არხთან ინტერვიუში შონ ომალის წინააღმდეგ საჩემპიონო ბრძოლაზე ისაუბრა.
„მანქანამ“ გაიხსენა „შუგას“ მწვრთნელთან მომხდარი შელაპარაკება და ასევე ეპიზოდი, როდესაც მან ომალის მხარზე აკოცა.
რა თქვა მერაბ დვალიშვილმა:
„ჩხუბზე ვიყავი კონცენტრირებული და შემდეგ ტელეფონში ქართველების რეაქცია ვნახე - მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ქართველს, ვინც იყო დარბაზში მოსული. ბილეთები ძვირი იყო, საკმაოდ ძვირის გადახდა მოუწია ხალხს. ასევე მადლობა ყველას, ვინც ბრძოლას ტელევიზორში უყურა, საქართველოში თუ სხვა ქვეყანაში. იმედია, ისიამოვნეთ და მოგეწონათ ბრძოლა.
ბრძოლის წინ საკმაოდ მშვიდად ვიყავი, კომფორტულად, არ ვღელავდი. როგორც კი წონა ჩავაბარე, ყველაფერი, სტრესი და ნერვიულობა მომეხსნა. იცით, რომ ბოლოს ერთი კვირა წონას ვიკლებ ხოლმე და ეს არის სტრესული და დამღლელი. ბრძოლის დღესაც ჩვეულებრივი კარგი დღე იყო, რა თქმა უნდა, მესმოდა ქართველების შეძახილებიც. როცა გალიაში შევედი, ვიცანი რამდენიმე მეგობარი, დავინახე ზაზა ფაჩულიაც, სხვები...
პროფესიონალი ვარ, ბრძოლაზე ვარ ორიენტირებული და მოსაგებად ვიყავი შესული. დაიწყო ბრძოლა, გავიდა 15 წამი და მისი მწვრთნელი ტიმი მეძახის და რაღაც მითითებებს მაძლევს. მე მას მივმართე, - „ შენს შეგირდს უკარნახე, ჩემგან რა გინდა, შემეშვი“. ამის გამო რეფერიმ გაგვაჩერა, შენიშვნა მომცა და მითხრა, რომ ჩემი საქმისთვის მიმეხედა, მას კი უთხრა, რომ გაჩერებულიყო. გაგრძელდა ბრძოლა და დაინახეთ, რომ პირველ რაუნდში ორჯერ გადავიყვანე, მოვიპოვე დომინაცია და ვიგრძენი, რომ მასზე გაცილებით მაგარ ფორმაში ვიყავი. ჩემი კუთხიდან მეძახდნენ, რომ გამომეჩინა დიდი სიფრთხილე, არ ავყოლოდი და არ მეჩქარა. ასეც გავაკეთე: ვცდილობდი მაქსიმალურად ფრთხილად მებრძოლა. შემეძლო, მეტი ზიანი მიმეყენებინა, უფრო სანახაობრივად მებრძოლა, მაგრამ ამას შეიძლება მოჰყოლოდა რაიმე გაუთვალისწინებელი.
იყო ერთი საინტერესო ფაქტი, მესამე თუ მეოთხე რაუნდში, როდესაც მახრჩობელა ილეთი ავუღე, კედელთან იყო და ვერ გამექცეოდა, და 4-5 წამში გაისმა ზარი, რომელიც 10 წამით ადრე ისმის ხოლმე. უკვე ვიცოდი, რომ გაუძლებდა ამ 10 წამს და აზრი აღარ ჰქონდა. ამიტომ გადავედი ღადაობაზე, უკვე გატეხილი მყავდა და გავეხუმრე, ვაკოცე რამდენჯერმე მხარზე. რეფერიმ მითხრა, შეწყვიტეო. მეგონა, რომ დრო ამოიწურა და წავედი ჩემს კუთხეში და ამ დროს მომხვდა თავში. მსაჯისაც მესმის, მას ასეთი რაღაცების კონტროლი ევალება. ომალისაც მესმის: სხვა შანსი არ ჰქონდა, უკნიდან რომ არ დაერტყა, ისე ვერ მომწვდა. მერე ინტერვიუშიც აღნიშნა, რომ ძალიან უნდოდა, ერთხელ გავეთიშე, მაგრამ ამას ვერ ეღირსებიან“.
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ბრძოლაში შონ ომალი 5-რაუნდიან ბრძოლაში, მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და საჩემპიონო ქამარი მოიპოვა. ამასთან, ქართველმა „მანქანამ“ UFC-ში მოგებათა სერია 11 ბრძოლამდე გაზარდა.