ბუდუ ზივზივაძე
Aa
Aa

„ძალიან ვამაყობ, რომ ნაკრების წარმატებაში შევიტანე წვლილი“ | ბუდუ ევრო 2024-ზე

მეორე ბუნდესლიგის მე-6 ტურში ბუდუ ზივზივაძის „კარლსრუე“ „მაგდებურგს“ ესტუმრება. ტრადიციულად, ყოველი საშინაო მატჩის წინ „მაგდებურგის“ ოფიციალური ვებგვერდი მეტოქე გუნდის რომელიმე ფეხბურთელს 5 კითხვას უსვამს და ეს ფეხბურთელი ამჯერად სწორედ ბუდუ აღმოჩნდა.

ბუდუს ინტერვიუ მაგდებურგის ოფიციალურ ვებგვერდთან

ბუდუ, გერმანიაში წელიწად-ნახევარია ცხოვრობ. რას იტყვი ქვეყანასა და კლუბზე?

თავდაპირველად ქვეყანასა და გუნდთან შეჩვევა გამიძნელდა, თუმცა დროთა განმავლობაში ყველაფერი შეიცვალა. ახლა მეც და ჩემი ოჯახიც გერმანიაში თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობთ, რაც ჩემს თამაშზეც აისახება. გარემო მშვიდი, უსაფრთხო და თავისუფალია. ეს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანია. ასეთი კარგი დრო არც ერთ სხვა ქვეყანაში არ გაგვიტარებია, ამიტომ გვიყვარს აქ ცხოვრება.

მანამდე საქართველოში, დანიასა და უნგრეთში თამაშობდი. როგორ განსხვავდება მეორე ბუნდესლიგა სხვა ჩემპიონატებისგან?

ძალიან განსხვავდება იმ ჩემპიონატებისგან, სადაც მითამაშია. მხოლოდ დანიასთან არის რაღაც მსგავსება. სიჩქარე, ინტენსიურობა, ორთაბრძოლები - მეორე ბუნდესლიგა ამით გამოირჩევა. სტადიონები სავსეა, რაც გავლენას ახდენს ფეხბურთის ხარისხზე. ნებისმიერ გუნდს ყველა მეტოქის დამარცხება შეუძლია, რაც მეორე ბუნდესლიგას უფრო საინტერესოს ხდის.

სამი თვის წინ გერმანიაში საქართველოს ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობდი. შენი სამშობლოსთვის ეს ევროს ფინალურ ტურნირზე პირველი მონაწილეობა იყო. როგორ შეაფასებდი ამ ზაფხულს?

ზაფხულისგან კარგი შთაბეჭდილებები დამრჩა. პირველად წარმოვადგენდი ჩემს ქვეყანას ევროპის ჩემპიონატზე. ეს ძალიან საამაყოა. დიდი გამოცდილება მივიღე და მოხარული ვარ, რომ გუნდის წარმატებაში შევიტანე წვლილი. იმედი მაქვს, რომ საქართველო მომავალშიც გააგრძელებს დიდ ტურნირებზე თამაშს.

სეზონის პირველ ორ გასვლით მატჩში „კარლსრუემ“ ოთხი ქულა მოიპოვა. რას ელოდები „მაგდებურგთან“ მატჩისგან?

რთულ თამაშს ველოდები, იმიტომ რომ „მაგდებურგი“ კარგი გუნდია. მათ შინ ჯერ არ გაუმარჯვიათ, შესაბამისად, ორმაგად იქნებიან მოტივირებულები, საკუთარი გულშემატკივრების თვალწინ პირველი სამი ქულა მოიპოვონ. თუმცა, ჩვენი მიზანი ასევე ყოველ მატჩში გამარჯვებაა და არც ეს მატჩი იქნება გამონაკლისი. ასე რომ, რთულ თამაშს ველოდები. თუ ჩვენს დონეზე ვითამაშებთ, მჯერა, რომ წარმატების მიღწევა შეგვიძლია.

როდესაც ფეხბურთს არ თამაშობ, რისი კეთება გსიამოვნებს?

როდესაც დასვენების დღე გვაქვს, დროს ოჯახთან და მეგობრებთან ერთად ვატარებ. ხშირად ვთამაშობთ სამაგიდო თამაშებს ან ჩემს ქალიშვილთან ერთად გასართობ პარკში მივდივართ.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„დიდი სივრცე არ უნდა მიეცეს“ | იუვეს თავკაცი კვარაზე
„დიდი სივრცე არ უნდა მიეცეს“ | იუვეს თავკაცი კვარაზე