გიორგი მამარდაშვილი, ოთარ გაბელია
Aa
Aa

„მამარდაშვილს ალისონის სკამზე დასმაც შეუძლია“ - ინტერვიუ ოთარ გაბელიასთან

ოთარ გაბელია 1981 წლის თასების მფლობელთა თასის გამარჯვებული თბილისის „დინამოს“ წარმატების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი გახლდათ. ლეგენდარული მეკარე სტაბილურად მაღალ დონეზე ასპარეზობით გამოირჩეოდა და საკუთარ საქმეს მუდამ ხუთიანზე ასრულებდა. ევროპული ტრიუმფის გარდა, თბილისური გუნდის შემადგენლობაში ის 1978 წელს საბჭოთა კავშირის ჩემპიონი, ერთი წლის შემდეგ კი საბჭოთა კავშირის თასის მფლობელი გახდა.

ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ, გაბელია სამწვრთნელო ასპარეზზეც მოღვაწეობდა, ამჟამად კი გულშემატკივრის ამპლუაშია და საქართველოს ეროვნული გუნდის მატჩებს თვალყურს სისტემატურად ადევნებს. სწორედ სანაკრებო თემაზე ისაუბრა მან Crystalsport-თან ინტერვიუში და გაბელიას შეფასებები ტრადიციულად საინტერესო და ამომწურავი გახლდათ.

ოთარ გაბელია

ვუყურე საქართველოს ნაკრების სექტემბრის თამაშებს და განსაკუთრებით მომეწონა ის ფაქტი, რომ გუნდს გამარჯვებულის მენტალიტეტი ჩამოუყალიბდა. ფეხბურთელები ვილი სანიოლის მითითებებს ზედმიწევნით კარგად ასრულებენ და რაც შეუძლიათ მაქსიმალურად აკეთებენ.

მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლა რთულია, მაგრამ მიუღწეველი ამოცანა ნამდვილად არ გახლავთ. არ დამავიწყდება შესარჩევის ფინალამდე ბერძენი ჟურნალისტების განცხადებები, რომლებიც ამბობდნენ, რომ ქართველების საქმე ძალოსნობა და ჭიდაობაა, ფეხბურთის თამაში კი არ იციანო. საბოლოოდ რა მოხდა? ბერძნები სახლში წავიდნენ, ჩვენ კი ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშეთ.

გიორგი მამარდაშვილზე რისი თქმა შემიძლია? საოცრად მაღალი კლასის მეკარეა, რომელიც საკუთარ თავზე მუშაობას განაგრძობს და თამაშის ხარისხის გაუმჯობესებას ცდილობს. 2025 წლის ზაფხულში „ლივერპულს“ შეუერთდება და რომც დარჩეს ალისონი მერსისაიდულ გრანდში, მამარდაშვილს მისთვის ღირსეული კონკურენციის გაწევა და ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრებისთვის ბრძოლა შეუძლია. კი მესმის, რომ საუბარი ბრაზილიის ნაკრების მეკარეზე გვაქვს, მაგრამ გიორგის საოცარი პროგრესიც ყურადღების გარეშე არ უნდა დავტოვოთ.

საქართველოს ნაკრები გუნდურად არის ძლიერი და წარმატებას ძირითადად ამის ხარჯზე აღწევს, თუმცა არსებობს შემთხვევები, როდესაც მეტოქე დიდ და გადაულახავ დაცვით ზღუდეებს გიყენებს, ასეთ დროს კი ინდივიდუალისტებია საჭირო. ისეთები, როგორებიც ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი ჩაკვეტაძე არიან. ამ ფეხბურთელების დუეტს ბევრი რამის გაკეთება და ჩვენი ნაკრებისთვის უდიდესი სარგებლის მოტანა შეუძლია.

შეგახსენებთ, რომ უახლოეს პერიოდში საქართველოს ნაკრები უეფას ერთად ლიგის მესამე-მეოთხე ტურის შეხვედრებს ჩაატარებს - 11 ოქტომბერს პოლონეთის ქალაქ პოზნანში ქართველი ფეხბურთელების მეტოქე უკრაინის ეროვნული გუნდი იქნება, 14 ოქტომბერს კი თბილისში ალბანელებს ვუმასპინძლებთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
44 წელი ისტორიული გამარჯვებიდან: „გვითხრა - გთხოვთ, ლივერპულთან დიდი ანგარიშით არ წააგოთო“
44 წელი ისტორიული გამარჯვებიდან: „გვითხრა - გთხოვთ, ლივერპულთან დიდი ანგარიშით არ წააგოთო“