არეულობა რომაში - ფეხბურთელები დე როსის დაბრუნებას ითხოვენ
რამდენიმე დღის წინ „რომას“ ხელმძღვანელებმა არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო, მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დანიელე დე როსი გადააყენეს და მის ნაცვლად ივან იურიჩი დანიშნეს, რაც როგორც ჩანს, ფეხბურთელებში სერიოზულ უკმაყოფილებას იწვევს. Corriere Dello Sport-ის ცნობით, კლუბის შეფებს გუშინ ორი ვეტერანი მოთამაშე, ლორენცო პელეგრინი და ჯანლუკა მანჩინი შეხვდნენ, რომელთაც დე როსის თანამდებობაზე დაბრუნება კატეგორიულად მოითხოვეს.
პელეგრინი-მანჩინის დუეტი შეხვედრის დროს ღიად გამოთქვამდა უკმაყოფილებას მიღებული გადაწყვეტილებით და ამავდროულად, მათ ხელმძღვანელებს უსაყვედურეს იმის გამო, რომ დე როსის გადაყენებამდე ისინი კლუბის რამდენიმე ფეხბურთელს ხვდებოდნენ და მთავარ მწვრთნელთან დაკავშირებით აზრის გამოთქმას სთხოვდნენ. მანჩინი თვლის, რომ მას და პელეგრინის სპეციალურად არ თხოვეს დე როსის მუშაობის შეფასება, რადგან იცოდნენ, რომ მათგან დადებით პასუხს მოისმენდნენ.
ივან იურიჩი უკანასკნელი სამი წლის მანძილზე „ტორინოს“ ამზადებდა და საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ცენტრალურ მცველს საბა საზონოვს სათამაშო დროს იშვიათად აძლევდა. რაც შეეხება დე როსის, 2024 წლის 16 იანვრიდან 18 სექტემბრამდე „ჯალოროსიმ“ მისი ხელმძღვანელობით ყველა ტურნირზე გამართული 30 მატჩიდან 14 მოიგო, 9 ფრედ დაასრულა და 7 წააგო.