რონალდუ: კარიერის დასრულების შემდეგ ადრენალინი დამაკლდება, შეიძლება ვიტირო კიდეც
კრიშტიანუ რონალდუმ ისაუბრა იმაზე, თუ რა დააკლდება კარიერის დასრულების შემდეგ.
„ვფიქრობ, ის ადრენალინი მომენატრება, რომელსაც გოლების გატანის შემდეგ ვიღებ. ეს გრძნობა ძალიან დამაკლდება.
ყველა სხვა სფეროში ყველაფერი კონტროლის ქვეშ მაქვს. ირგვლივ სწორი ხალხი მყავს, კარგი ბიზნესი მაქვს, კარგი შემოსავალი მაქვს, მაგრამ საფეხბურთო ადრენალინი აღარ იქნება.
ამიტომ ფეხბურთში ცოტა უფრო შორს წავედი. ბევრთან შედარებით შორს. მალე 40 წლის ვიქნები, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებ, რომ ფორმა შევინარჩუნო. 40, 41, 42 - არანაირი განსხვავება არაა.
25 წელია ფეხბურთს ვაძლევ ჩემს სხეულს და მეტის გაცემა არ შემიძლია, რადგან ასაკი არ მაძლევს ამის საშუალებას. ამიტომაც ვუფრთხილდები ასე კარგად ჩემს თავს და ვაგრძელებ მუშაობას. მესმის, რომ კიდევ ორი-სამი წლის განმავლობაში შემიძლია რაიმე კარგი გავაკეთო.
წასვლის შემდეგ ალბათ ცოტა დაბნეული ვიქნები. მაგრამ თქვენ გგონიათ ვიტირებ? შეიძლება ცოტა ვიტირო კიდეც იმიტომ, რომ უფრო მგრძნობიარე ვარ, მაგრამ სხვა საქმეები მაქვს. მე წინ მაქვს ახალი ბიზნეს თავი და ეს საინტერესოა. ეს ჩემთვის ასევე დიდი გამოწვევა იქნება“,
- თქვა „ალ-ნასრის“ ფორვარდმა.