ემპოლი ტრავმირებული საზონოვის შემცვლელს ეძებს
„ემპოლი“ თავისუფალი აგენტების ბაზარზე ცენტრალურ მცველს ეძებს, რათა ტრავმირებული ქართველი ფეხბურთელი, საბა საზონოვი შეცვალოს. ამის შესახებ იტალიური მედია წერს.
მთავარ კანდიდატად 31 წლის კოტდივუარელი მცველი კოფი ჯიჯი მოიაზრება, რომელმაც ბოლო 3 სეზონი „ტორინოში“ გაატარა, ზაფხულში კი თავისუფალი აგენტი გახდა და ამჟამად უგუნდოდაა.
შეგახსენებთ, რომ საბა საზონოვი ტოსკანურ კლუბში „ტორინოდან“ იჯარით მიმდინარე ზაფხულში გადავიდა, თუმცა ახალ გუნდში სადებიუტო მატჩის ჩატარებაც ვერ მოასწრო, ვინაიდან 15 სექტემბერს ვარჯიშზე მარჯვენა მუხლის მძიმე ტრავმა მიიღო.
„ემპოლის“ ინფორმაციით, საზონოვმა მუხლის წინა ჯვარედინი იოგები დაიზიანა, რის გამოც სავარაუდოდ მინიმუმ 6 თვეს გამოტოვებს. როგორც ადგილობრივი მედია წერს, დიდი შანსია, რომ ქართველმა მცველმა მიმდინარე სეზონში ვეღარ ითამაშოს.
„ემპოლი“, რომლის ღირსებასაც საზონოვის გარდა კიდევ ერთი ქართველი მცველი, საბა გოგლიჩიძეც იცავს, უახლოეს მატჩს დღეს, სტუმრად, „კალიარის“ წინააღმდეგ გამართავს. მატჩი თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.