ფიგერედო: ნურმაგომედოვი ტიტულისთვის ბრძოლას არ იმსახურებს
UFC-ის უმსუბუქესი წონითი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონი, დეივისონ ფიგერედო მიიჩნევს, რომ მერაბ დვალიშვილთან ჩხუბისთვის სიაში პირველი თავად უნდა იყოს.
„მე ვუყურებდი ბრძოლას, მერაბმა ბოლოს მე შემომხედა, მისგან 10 მეტრის მოშორებით ვიყავი და ჩემზე მიანიშნა. მე მას ვგულშემატკივრობდი, რადგან ახლა ჩვენი ბრძოლა შესაძლებელია. ვფიქრობდი, ის იქვე გამომიწვევდა, მაგრამ მან ჩემი სახელი ინტერვიუში ახსენა და მე აქ ვარ“, - განაცხადა ფიგერედომ MMA Fighting-თან ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ ბრძოლის შემდეგ „მანქანამ“ მომდევნო პოტენციურ მეტოქეზე ილაპარაკა და სურს, სწორედ ფიგერედოსთან იჩხუბოს, რადგან ის უფრო სახიფათო მებრძოლია, ვიდრე ნურმაგომედოვი.
ბრაზილიელი მერაბს ეთანხმება და ამბობს, რომ ნურმაგომედოვი ტიტულისთვის ბრძოლას არ იმსახურებს.
„უმარი აქ ახლახან მოვიდა და ახლახან ჩაატარა თავისი პირველი ბრძოლა და დარწმუნებული ვარ, მას დამატებითი შემოწმების გავლა სჭირდება. მე უკვე გავიარე შემოწმება. მე დავტოვე დივიზიონი, რომელშიც ჩემპიონი გავხდი. ძლიერებს ვეჩხუბებოდი. მე უდავოდ დიდ საფრთხეს წარმოვადგენ მერაბისთვის და მზად ვარ, მას ვეჩხუბო“, - თქვა ფიგერედომ.
გუშინ „მანქანამ“ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მზად არის უმარ ნურმაგომედოვს ებრძოლოს.
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ბრძოლაში შონ ომალი 5-რაუნდიან ბრძოლაში, მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და საჩემპიონო ქამარი მოიპოვა. ამასთან, ქართველმა „მანქანამ“ UFC-ში მოგებათა სერია 11 ბრძოლამდე გაზარდა.
მერაბი ისტორიაში UFC-ის მეორე ქართველი ჩემპიონი გახდა და ასევე ისტორიაში პირველად, თავად Pound-for-Pound (რეიტინგი წონის გაუთვალისწინებლად) რეიტინგში მოხვდა. დვალიშვილი სიაში მე-7 ადგილზეა.
რაც შეეხება უმარ ნურმაგომედოვს, რომელიც ხაბიბის ბიძაშვილია, ხუთი ბრძოლიდან ხუთივე მოგებული აქვს და რეიტინგის მეათე ნომერია.