„ეს ჩემთვის დიდი სიამაყის გრძნობა იყო“ - 5 კითხვა ბუდუსთვის
„მაგდებურგის“ ოფიციალურმა გვერდმა ბუდუ ზივზივაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. „კარლსრუე“ მომდევნო ტურში სწორედ „მაგდებურგს“ ხვდება და მათი ტრადიციის თანახმად, მეტოქე გუნდის რომელიმე ფეხბურთელთან 5-კითხვიან ინტერვიუს წერენ, რომელიც მატჩამდე ქვეყნდება.
- ბუდუ, უკვე წელიწადნახევარია, რაც გერმანიაში ხარ. როგორ გაიცანით და შეეგუეთ ქვეყანას და კლუბს?
„თავიდან მიჭირდა ქვეყანასთან და გუნდთან შეგუება, მაგრამ დროთა განმავლობაში ყველაფერი შეიცვალა. ახლა მე და ჩემი ოჯახი გერმანიაში თავს კომფორტულად ვგრძნობთ, რაც ჩემს თამაშებზეც აისახა. გარემო არის მშვიდი, უსაფრთხო და თავისუფალი. ეს არის ყველაზე მთავარი რამ ცხოვრებაში. ასეთი კარგი დრო არც ერთ ქვეყანაში არ გვქონია და ამიტომ გვიყვარს აქ ცხოვრება“.
- ადრე გითამაშიათ საქართველოში, დანიასა და უნგრეთში. რით განსხვავდება მეორე ბუნდესლიგა სხვა ლიგებისგან?
„მეორე ბუნდესლიგა ძალიან განსხვავდება იმ ლიგებისგან, რომლებშიც აქამდე ვთამაშობდი. დანიასთან მხოლოდ მსგავსებას ვხედავ. სიჩქარე, ინტენსივობა, ბრძოლა, ეს ის კომპონენტებია, რომლებიც ქმნიან მეორე ბუნდესლიგას და ხალხმრავლობის თვალსაზრისით სტადიონები სავსეა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ფეხბურთის ხარისხისთვის. ასევე ნებისმიერ გუნდს შეუძლია სხვა დაამარცხოს, რაც ლიგას საინტერესოს ხდის“.
- სამი თვის წინ საქართველოსთან ერთად გერმანიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მიიღე მონაწილეობა. ეს იყო თქვენი ქვეყნის პირველი მონაწილეობა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ სტადიაზე. როგორ იხსენებთ ამ ზაფხულს?
„კარგად მახსოვს ეს ზაფხული. ჩემს ქვეყანასთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე პირველად მივიღე მონაწილეობა. ეს იყო დიდი სიამაყის გრძნობა. დიდი გამოცდილება შევიძინე და მიხარია, რომ გუნდის წარმატებაში მონაწილეობა მივიღე. იმედი მაქვს, საქართველო მომავალშიც გააგრძელებს დიდ ტურნირებზე თამაშს“.
- თქვენ მოახერხეთ ოთხი ქულის მოპოვება სეზონის პირველი ორი გასვლითი მატჩიდან. როგორ მატჩს ელით მაგდებურგში?
„მაგდებურგში რთულ თამაშს ველოდები, რადგან კარგი გუნდია. უნდა გვახსოვდეს, რომ მათ სახლში ჯერ არ მოუგიათ, რაც ორმაგი მოტივაცია იქნება მათთვის პირველი სამი ქულის მოსაპოვებლად თავიანთი გულშემატკივრების წინაშე. მაგრამ ჩვენი მიზანიც ყველა თამაშის მოგებაა და არც ეს იქნება გამონაკლისი. ასე რომ, რთული თამაში იქნება. თუ ჩვენს თამაშს ვაჩვენებთ, მჯერა, რომ წარმატებას მივაღწევთ“.
- რისი კეთება მოგწონს, როცა საფეხბურთო მოედანზე არ ხარ?
„როცა დასვენების დღე მაქვს, მიყვარს ოჯახთან და მეგობრებთან ერთად დროის გატარება. ჩვენ ხშირად ვთამაშობთ სხვადასხვა სამაგიდო თამაშებს, ან ჩემს ქალიშვილთან ერთად პარკში დავდივარ“.
შეგახსენებთ, რომ „მაგდებურგი“ „კარლსრუეს“ დაპირისპირება კვირას, ჩვენი დროით 15:30-ზე დაიწყება.