„ბალანსის პოვნა გვჭირდება“ - კურტუა გადატვირთულ კალენდარზე
მატჩების რაოდენობის ზრდის გამო, ფეხბურთელების შესაძლო გაფიცვის შესახებ, როდრის შემდეგ, ტიბო კურტუაც ალაპარაკდა.
რამდენიმე დღის წინ, „მანჩესტერ სიტისა“ და ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველმა აღიარა, რომ ფეხბურთელები გადატვირთული კალენდრის გამო, გაფიცვას აპირებდნენ: „ჩვენ ახლოს ვართ. სეზონში 70-80 მატჩი უკვე ზედმეტია. თუ ხალხს სურს საუკეთესო ფეხბურთის ნახვა, ჩვენ უნდა დავისვენოთ“.
მადრიდის „რეალის“ ბელგიელმა მეკარემ თქვა, რომ როდრი მართალია.
„გულშემატკივრებს სურთ, უკეთესი ფეხბურთის ნახვა და ჩვენ ბალანსის პოვნა გვჭირდება. ბევრი თამაშია და შესაბამისად ტრავმაც მეტია. ხალხი ამბობს, რომ ჩვენ უფრო მეტს გამოვიმუშავებთ და საწუწუნო არაფერი გვაქვს. ეს სიმართლეა, მაგრამ ჩვენ ბალანსის პოვნა გვჭირდება, რადგან საუკეთესოები ყოველთვის ვერ შეძლებენ თამაშს“, - თქვა კურტუამ.
გადატვირთული საფეხბურთო კალენდარი დიდი ხანია, განხილვის საგანი გახდა როგორც ფეხბურთელებში, ასევე მწვრთნელებში.
მანამდე მატჩების გაზრდილი რაოდენობა „მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელმა კევინ დე ბრუინიმ, „ბარსელონას“ მცველმა ჟულ კუნდემ და რეალიც ვიცე-კაპიტანმა, დანი კარვახალმაც გააკრიტიკეს.
გადატვირთული კალენდრის თანმდევ პრობლემაზე ისაუბრა კარლო ანჩელოტიმაც. მადრიდის „რეალის“ თავკაცი მიიჩნევს, რომ ეს არის მთავარი ფაქტორი იმ მრავალრიცხოვანი ტრავმის, რომელიც მის გუნდს მიმდინარე სეზონის დასაწყისიდან თან სდევს.