ქართველების დომინაციით - ქვიშის ფრენბურთის საერთაშორისო ტურნირი
სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის ორგანიზებით, კიდევ ერთი პრესტიჟული საერთაშორისო შეჯიბრება გაიმართა. ქვიშის ფრენბურთის ტურნირს სახელწოდებით, „ოქროს ბურთის და კორტის მეფეები“ ბათუმში გახსნილმა ახალმა მოედანმა უმასპინძლა. საუკეთესოს წოდებისთვის საქართველოს გარდა კიდევ ხუთი ქვეყნის, თურქეთის, უკრაინის, სომხეთის, ირანისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების გუნდების ფრენბურთელები იბრძოდნენ.
ჩემპიონის ტიტული ალექს ჩაჩიბაიას და ალექს ზაქაიძის წყვილმა მოიპოვა. ტურნირის ძირითადი, პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ, ოცდათორმეტიდან ათმა საუკეთესო დუეტმა უკვე „კორტების მეფის“ წოდების მფლობელი გამოავლინა და ყველას დენი ხეირაბადისა და პეტრე ლობჟანიძის ტანდემმა აჯობა.
ქვიშის ფრენბურთის საერთაშორისო ტურნირი ბათუმში აჭარის მთავრობასთან ერთად, როგორც უკვე მოგახსენეთ, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის ხელშეწყობით ჩატარდა. ფონდი უკვე წლებია ფუნქციონირებს და სხვადასხვა პროექტებით ქართული სპორტის განვითარებასა და პოპულარიზაციაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს.