ხვიჩა კვარაცხელია, ანტონიო კონტე
Aa
Aa

„კვარას დაცვა არ სჭირდება“ - კონტე იუვესთან მატჩის წინ

იტალიის სერია A-ს მეექვსე ტურის ცენტრალური შეხვედრა უდავოდ „ინტერი“ – „მილანია“, მაგრამ არანაკლებ ინტერესს იწვევს ხვალ გასამართი „იუვენტუსი“ – „ნაპოლის“ დაპირისპირება, რომელსაც წინა კვირაში სატურნირო ცხრილში ნეაპოლური კლუბის გალიდერებამ დამატებითი ინტრიგა შესძინა. ასევე ცალკე აღნიშვნის ღირსია პარტენოპეის დამრიგებლის ანტონიო კონტეს ფაქტორი, რომელიც როგორც ფეხბურთელის, ასევე მთავარი მწვრთნელის ამპლუაში „ვეკია სინიორას“ ლეგენდაა და 2011-2012 წლების სეზონში ტურინელებს სკუდეტო სულაც წაუგებლად ჩატარებული ჩემპიონატის ფონზე მოაგებინა. ყოფილი გუნდის წინააღმდეგ გასამართ შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, კონტემ პრეს კონფერენცია გამართა და სხვა მნიშვნელოვან თემებთან ერთად, ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა.

ანტონიო კონტე

ნამდვილად არ მგონია, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ზედმეტი დაცვა სჭირდებოდეს. არ შემიმჩნევია, რომ მისთვის „კალიარისთან“ შეხვედრაში ტრავმის მიყენება ვინმეს განზრახ სურდა. ვიცი, რომ მატჩის დასაწყისში ძაპას მიერ უხეშმა თამაშმა დიდი რეზონანსი გამოიწვია. არასოდეს არ დავიწყებ ყვირილს და წუწუნს იმის თაობაზე, რომ ჩემს ფეხბურთელებს მეტოქე გუნდის წევრების უხეშობის ეშინიათ, რადგან ეს მამაკაცის საქციელი არ იქნება.

ნაპოლი კონკურენტუნარიანი კლუბი გახდა, ეს კი იმ საოცარი კავშირისა და ურთიერთგაგების შედეგია, რაც ჩვენთან არსებობს. მე მჭირდებოდა ფეხბურთელების ჯგუფი, რომლებიც ერთმანეთს გვერდში დაუდგებოდნენ და ყოველგვარი ეგოიზმის გარეშე ითამაშებდნენ ფეხბურთს საიმისოდ, რომ გუნდი უმაღლეს მწვერვალზე აეყვანათ. ახლა თამამად შემიძლია იმის თქმა, რომ მიზანს მივაღწიე.

ყოველი ტურის წინ მსურს, რომ მოწინააღმდეგეს 4 ბურთი გავუტანოთ, საკუთარ კარში გოლი არ მივიღოთ და დამაჯერებლად გავიმარჯვოთ, მაგრამ ეს იტალიის სერია A გახლავთ, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ლიგაა და თითოეული გუნდი ცდილობს საკუთარი სტილი თავს მოგახვიოს.

რისი თქმა შემიძლია „იუვენტუსზე“? „მილანისა“ და „ინტერის“ მსგავსად, ეს არის კლუბი, რომლის ხელმძღვანელები და ქომაგებიც შენგან მუდამ უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლას ითხოვენ. „ბებერი სინიორას“ ამჟამინდელ მწვრთნელს ტიაგო მოტას რამდენიმე წლის წინ ვხელმძღვანელობდი და ის ჩემზე მუდამ ჭკვიანი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა. მას წინ დიდი სამუშაო ელის, რადგან მასიმილიანო ალეგრის შეცვლა უწევს, ადამიანის, რომელსაც „იუვეს“ ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უკავია.

ბუნებრივია ტურინში ჩასვლა და იმ გუნდთან დაპირისპირება, რომლის შემადგენლობაშიც 13 წლის განმავლობაში უამრავი ტიტული მოვიგე, ვიყავი ჯერ კაპიტანი, შემდეგ კი მთავარი მწვრთნელი, ჩემთვის ემოციურია, მაგრამ ახლა ეს ყველაფერი გვერდზე უნდა გადავდო და „ნაპოლის“ წარმატებებზე მოვახდინო კონცენტრირება.

კონკრეტულ მიზნებს, რომელიც „ნაპოლისთან“ ერთად დავისახე, ჯერჯერობით ვერ გეტყვით. ჩემი პროგრამა-მინიმუმი იცით რა არის? შარშან ნეაპოლური კლუბი „ინტერს“ 40, ხოლო „იუვენტუსს“ 18 ქულით ჩამორჩა, რაც აღარ უნდა განმეორდეს.

ცნობისათვის, ოთხი ტურის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზე იტალიის მიმდინარე პირველობაზე 2 გოლთან ერთად 2 საგოლე გადაცემაა. „იუვენტუსი“ – „ნაპოლის“ მატჩი კი ხვალ, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სისტემური უხეშობა კვარას წინააღმდეგ“ - Il Mattino იუვენტუსთან მატჩზე
„სისტემური უხეშობა კვარას წინააღმდეგ“ - Il Mattino იუვენტუსთან მატჩზე