მამარდაშვილი: ვალენსიამ ჩემი ცხოვრება შეცვალა და მინდა, ეს წელი კარგად ჩავატარო
„ვალენსიას“ ქართველმა მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა კლუბის ოფიციალურ მედიას ინტერვიუ მისცა და სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის „ღამურების“ ბოლოდროინდელ წარუმატებელ შედეგებზე და კლუბისადმი საკუთარ დამოკიდებულებაზე ისაუბრა.
„უნდა დავუბრუნდეთ მოგებების გზას, „მესტალიაზე“ შემდეგი თამაში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. „ჟირონასა“ და „ოსასუნას“ უნდა მოვუგოთ, რათა არსებული სიტუაცია გამოვასწოროთ.
პირველ ხუთ ტურში რთული თამაშები გვქონდა. „ბარსელონას“ ვერ მოვუგეთ, მაგრამ კარგად ვითამაშეთ. „ვილიარეალთან“ კარგი თამაშით ქულა მოვიპოვეთ. ახლა უნდა გავაგრძელოთ შრომა და „მესტალიაზე“ ქულები მოვიპოვოთ.
შინ თამაში ყოველთვის განსხვავებულია, ჩვენ სახლში კარგად ვთამაშობთ. უნდა გავაგრძელოთ წინსვლა, მოვითმინოთ და შემდეგ აუცილებლად მოვიგებთ მატჩებს. ადვილი არ იქნება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ეს შეგვიძლია.
„ვალენსიამ“ და ამ ქალაქმა ჩემი ცხოვრება შეცვალა და მინდა, ეს წელი კარგად ჩავატარო. აქ ოთხი შესანიშნავი წელი გავატარე და მადლობის თქმა მსურს. ყოველდღე მუხლჩაუხრელად უნდა ვიშრომო“.
ზაფხულში მამარდაშვილმა „ლივერპულთან“ გააფორმა კონტრაქტი და ვალენსიაში ერთი სეზონით იჯარით დარჩა. ქართველი მეკარე „ენფილდზე“ 2025 წლის ზაფხულში გადაბარგდება.