„გუნდთან ერთად არ ვარჯიშობს, მაგრამ...“ | ბოლო ცნობები ჩაკვეს მდგომარეობაზე
„უოტფორდის“ მთავარმა მწვრთნელმა, ტომ ქლევერლიმ „ნორვიჩთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა და სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის გიორგი ჩაკვეტაძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა.
„მატჩის შემდეგ პოზიტიური ამბები გავიგეთ. მოედანზე დაზიანება უფრო სერიოზულად გამოიყურებოდა, ვიდრე რეალურად აღმოჩნდა. საქმე ზურგის სპაზმთან გვქონდა.
ჩაკვეტაძე გუნდთან ერთად არ ვარჯიშობს, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ის განაცხადში მოხვდება. ამის ალბათობა 50%-ზე უფრო მეტია. ვნახოთ, როგორ იგრძნობს ის თავს ხვალინდელ ვარჯიშზე“.
„ქოვენთრის“ წინააღმდეგ მატჩში ჩაკვემ საგოლე პასი შეასრულა, თუმცა მე-80 წუთზე ტრავმა მიიღო და მოედანი საკაცით დატოვა. ბოლო ინფორმაციით, დაზიანება სერიოზული არ არის და საქმე მუხლის ტრავმის რეციდივთან არ გვაქვს, თუმცა, როდის დაუბრუნდება გიორგი მოედანს, ჯერჯერობით უცნობია.
ინგლისის ჩემპიონშიპში „უოტფორდი“ 10-10 ქულით „ბარნლისთან“ ერთად მესამე-მეოთხე ადგილებს იყოფს და ერთპიროვნულ ლიდერ „სანდერლენდს“ მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება. 21 სექტემბერს „უოტფორდი“ „ნორვიჩს“ ესტუმრება. მატჩი თბილისის დროით 15:30 საათზე დაიწყება.