“უცხოელების ხარისხი ადგილობრივებისას არ აღემატება“ - გეგუჩაძე ქართულ ფეხბურთზე
გია გეგუჩაძე დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში უნიკალური მიღწევის ავტორია - ის პირველი და ჯერჯერობით უკანასკნელი მწვრთნელია, რომელმაც შეძლო და საქართველოს კლუბი რომელიმე ევროტურნირის ფინალურ ეტაპზე გაიყვანა. მისმა მომზადებულმა „დინამო თბილისმა“ ბორისოვოს „ბატეს“, პრაღის „სლავიასა“ და კრაკოვის „ვისლას“ ბარიერის დაძლევით უეფას თასის ჯგუფური ეტაპის საგზური მოიპოვა. მას შემდეგ უკვე 20 წელი გავიდა, ჩვენი ქვეყნის გუნდების შედეგები კი წლიდან წლამდე გაუმჯობესების ნაცვლად უარესდება. რა არის წარუმატებლობის მთავარი მიზეზები, ამის თაობაზე გეგუჩაძემ Crystalsport-თან ინტერვიუში საინტერესო შეფასებები გააკეთა.
გია გეგუჩაძე
პრობლემა უამრავია და მისი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა სანაკრებო წარმატება გადამდები იყოს, მაგრამ სამწუხაროდ საკლუბო ფეხბურთში ისევ სერიოზული ლაფსუსები გვაქვს. როდესაც პასუხისმგებლობაზე მიდგება საქმე, რატომღაც ყველას მწვრთნელზე სურს ჯოხის გადატეხვა, სინამდვილეში კი მენეჯმენტში ვერ არის ყველაფერი დალაგებული. სტრუქტურულად არსებობს უამრავი რგოლი, რომლის გამართულ მუშაობასაც საბოლოო შედეგები მოაქვს, ჩვენთან კი არაფერი არ მუშაობს.
ჩამოგვყავს დაბალი ხარისხის ლეგიონერები და მწვრთნელები, რომლებიც ადგილობრივ ფეხბურთელებსა და სპეციალისტებს ვერაფრით აღემატებიან. არ ვითარდება ბავშვთა ფეხბურთი და აკადემიები, საკლუბო ფეხბურთის სისტემის ამუშავებისთვის კი სერიოზული საფუძველია საჭირო.
კი ბატონო, არ ჰყავდა მაშინ „დინამო ბათუმს“ სერიოზული აკადემია, მაგრამ „სლოვანთან“ ცოტა რომ გაგვმართლებოდა, შესაძლოა კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპამდე მივუსლიყავით, მაგრამ ეს იქნებოდა გამართლება და არა სისტემტური წარმატებების დასაწყისი.
„დინამო ბათუმის“ ბოლოდროინდელ ასპარეზობას და წარუმატებლობის მიზეზებზე ვერ ვისაუბრებ. ფაქტია, რომ რაღაც რიგზე არ არის, მაგრამ ამასთან დაკავშირებით ჩემზე კომპეტენტური მოსაზრება კლუბის წარმომადგენლებს ექნებათ. მე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ძალიან მწყინს და არ მიხარია ის ფაქტი, რომ ეს გუნდი ასეთ მდგომარეობაშია.
რაც შეეხება Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის წლევანდელ სეზონს, ოქროს მედლებისთვის ბრძოლაში ფავორიტი სამ კლუბი, გორის „დილა“, ქუთაისის „ტორპედო“ და თბილისის „იბერია“ არიან, თუმცა შეიძლება მათთან კონკურენციაში „დინამო ბათუმიც“ ჩაებას.
თბილისისა და ბათუმის „დინამოების“ გარდა, სამწვრთნელო კარიერის მანძილზე გეგუჩაძე სხვადასხვა დროს რუსთავის „მეტალურგს“, „ზესტაფონს“, ქუთაისის „ტორპედოსა“ და საქართველოს 21-წლამდე ნაკრებს ამზადებდა.