დავით ნინიაშვილი, სოსო მათიაშვილი
Aa
Aa

ნინიაშვილთან ერთად ლა როშელი შარშან ჩემპიონი გახდებოდა - მათიაშვილი სარაგბო თემებზე

სოსო მათიაშვილი ქართული რაგბისა და საქართველოს ეროვნული ნაკრების ბოლო ათწლეულის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია. 31 წლის ფულბეკი წლების მანძილზე ბორჯღალოსნების რიგებში გამოდიოდა, 32 შეხვედრაში 159 ქულა დააგროვა, ხოლო 2017 წელს კანადასთან მისი დადებული ლელო ჩვენი ქვეყნის ნაკრების ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა. Crystalsport-ისთვის მიცემულ ინტერვიუში მათიაშვილმა ქართველი მორაგბეების მიერ ივლისში გამართული და ნოემბერში გასამართი ტესტების გარდა, დავით ნინიაშვილის „ლიონიდან“ „ლა როშელში“ ტრანსფერიც შეაფასა.

სოსო მათიაშვილი

ნინიაშვილის „ლა როშელში“ ტრანსფერი საოცარი ამბავია. ეს არის გუნდი, რომელმაც ჩემპიონთა თასი ზედიზედ ორჯერ მოიგო და შარშან ტოპ 14-ის გამარჯვებულიც გახდებოდა და ერთი მინუსი რომ არ ჰქონოდა -  ვუყურე საფრანგეთის პირველობის გადამწყვეტ შეხვედრას და მერწმუნეთ, ამ გუნდს ოქროს მედლების მოსაპოვებლად სწორედ ისეთი უმაღლესი კლასის ოსტატი და 15 ნომერი აკლდა, როგორიც ნინიაშვილია.

ერთადერთი მცირე პრობლემა, რაც დათუნას „ლა როშელში“ შეიძლება შეექმნას, გახლავთ ის, რომ „ლიონი“ მის სტილზე მორგებული გუნდია, „ლა როშელს“ კი მძიმე შერკინება და გაუვალი დაცვა აქვს, თუმცა ნინიაშვილი ისეთი კლასის მორაგბეა, რომ არც დაცვა ეშლება და არც შეტევა და აქეთ მოირგებს მთელ გუნდს თავის სტილზე.

ივლისის ტესტებზე რისი თქმა შემიძლია? ერთი მატჩის მოგებას ვგეგმავდით და უფრო მეგონა, რომ ფიჯის დავამარცხებდით, მაგრამ იაპონიას მოვუგეთ და ბათუმში კუნძულელებთან განცდილი მარცხის შემდეგ, ეს მოგება უმნიშვნელოვანესი გახლდათ. გარდა ამისა, მომეწონა ჩვენი მორაგბეების ასპარეზობა ავსტრალიელებთან - მართალია დაცვაში ძალიან გვიჭირდა, მაგრამ შეტევაში ვითამაშეთ სანახაობრივი რაგბი, რასაც პირველი დონის ქვეყნის ნაკრებთან შეხვედრის დროს მუდამ უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.

ნოემბრის შეხვედრებიდან დიდი ინტერესით ველოდები იტალიელებთან თამაშს, რადგან მათ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ნაკრები ჰყავთ და თანაც, ბათუმში გამართული მატჩისგან განსხვავებით, რომლის დროსაც ისეთ წნეხში აღმოჩნდნენ, რომ მოედანზე გასვლამდეც წაგებულები იყვნენ, ამჯერად საკუთარ კედლებში ყოველგვარი ზეწოლა მოხსნილი ექნებათ და ასეთ „აძურასთან“ ძალების მოსინჯვა კიდევ უფრო საინტერესო იქნება. მაორები უზომოდ ძლიერი და საინტერესო გუნდია, ტონგა კი ისე არის დასუსტებული, რომ კანადის დამარცხებაც გაუჭირდა და მასთან აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ.

ცნობისათვის, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები შემოდგომის ტესტებს 10 ნოემბერს, საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში ახალი ზელანდიის მაორებთან დაპირისპირებით გახსნის, რასაც 17 ნოემბერს გენუაში იტალიელებთან დაპირისპირება მოჰყვება, ხოლო მესამე მატჩი 24 ნოემბერს ტონგასთან თბილისში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ეს ჰგავს მომენტს, როცა შვილი ოჯახიდან მიდის - ნინიაშვილის შემდეგი კლუბი ცნობილია
ეს ჰგავს მომენტს, როცა შვილი ოჯახიდან მიდის - ნინიაშვილის შემდეგი კლუბი ცნობილია