მერაბი მზად არის, უმარს ებრძოლოს - რას წერს „მანქანა“
ქართველებო, რომ იცოდეთ, ეს ბიჭი არასწორია ჩემთან და არ დაუმსახურებია ჩემთან ბრძოლა, - ამის შესახებ მერაბ დვალიშვილმა უმარ ნურმაგომედოვის შესახებ Facebook-ზე დაწერა და ვიდეოც გამოაქვეყნა, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა.
როგორც „მანქანა“ ამბობს, UFC-ს მისი გაჩემპიონება სურს, რადგან ეს ორგანიზაციისთვის ფინანსურად უფრო მომგებიანი იქნება.
მერაბ დვალიშვილი მზად არის ეს გამოწვევა მიიღოს და ნურმაგომედოვი მისი მომდევნო მეტოქე გახდეს.
„ეს იყო პიტერიანის ბრძოლის შემდეგ. მეგონა ამ არასწორს მოლოცვა უნდოდა, მაგრამ შემდეგ გაირკვა, ჩემი ბრძოლაში გამოწვევა უნდოდა. ესეც მოხდა. მეორე დღეს UFC ამ ბრძოლაზე კონტრაქტი გამომიგზავნა და ფაქტიურად მიჩალიჩებდნენ ყველა, რადგან 2 თვეში ისევ უნდა მებრძოლა ურეიტინგო ძლიერ მებრძოლთან, მაშინ როცა ვერც დასვენებას მოვასწრებდი და ვერც მომზადებას ახალი ბრძოლისთვის.
მე ზედიზედ 9 გამარჯვება მქონდა მოპოვებული. რეიტინგშიც N1 ვიყავი. უმარს დიდი ამბიციები და სპორტული უპატივცემულობა ამოძრავებდა ჩემს მიმართ.
ქართველებო, რომ იცოდეთ ეს ბიჭი არასწორია ჩემთან და არ დაუმსახურებია ჩემთან ბრძოლა.
თუმცა იმიტომ რომ ხაბიბის ბიძაშვილია, ამასაც თეთრი ფაფახი აქვს, დაუმარცხებელია, არაბი შეიხებიდან ფინანსური მხარდაჭერა აქვს, რომლებიც ასპონსორებენ UFC-ის . UFC-იც ხელს უწყობს და შეახვედრეს N 2-ს რომ რეიტინგშიც კარგად ჩამჯდარიყო.
მოკლედ, UFC-ს აწყობს ამის გაჩემპიონება რადგან ფინანსურად მომგებიანი იქნება ორგანიზაციისთვის.
ამიტომ მე მზად ვარ ვებრძოლო მას შემდეგი და მივიღო ეგ გამოწვევა. ამასაც ვასწავლი ჭკუას და პატივისცემას…“, - წერს მერაბი.
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ბრძოლაში შონ ომალი 5-რაუნდიან ბრძოლაში, მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და საჩემპიონო ქამარი მოიპოვა.
ამასთან, ქართველმა „მანქანამ“ UFC-ში მოგებათა სერია 11 ბრძოლამდე გაზარდა. მერაბი ისტორიაში UFC-ის მეორე ქართველი ჩემპიონი გახდა და ასევე ისტორიაში პირველად, თავად Pound-for-Pound (რეიტინგი წონის გაუთვალისწინებლად) რეიტინგში მოხვდა. დვალიშვილი სიაში მე-7 ადგილზეა.
რაც შეეხება უმარ ნურმაგომედოვს, რომელიც ხაბიბის ბიძაშვილია, ხუთი ბრძოლიდან ხუთივე მოგებული აქვს და რეიტინგის მეათე ნომერია.