„საბრძოლო IQ აკლია“ - ჰოლოუეი თოფურიაზე
მერაბ დვალიშვილისა და შონ ომალის ბრძოლის შემდეგ, მთავარი ყურადღება უკვე ილია თოფურიასკენ არის მიპყრობილი.
ოქტომბრის ბოლოს, „ელ მატადორი“ საჩემპიონო ქამრის დასაცავად პირველ ბრძოლას გამართავს და მაქს ჰოლოუეის დამარცხებას შეეცდება.
რაც უფრო ახლოვდება გადამწყვეტი შეხვედრა, მეტოქეები მედიასთან ინტერვიუებში ერთმანეთის მისამართით კომენტარებს არ იშურებენ.
ამჯერად ჰოლოუეი ილიას განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ ის იქნება პირველი, რომელიც მაქსს დაანოკაუტებს.
„თოფურია ათლეტურია და ეს ცხადია - მას აქვს სიძლიერე და ბუნებრივი ძალა, მაგრამ მეჩვენება, რომ მას საბრძოლო IQ აკლია. როცა ეს ინტერვიუ ვნახე, გავიფიქრე: „ძმაო, წადი, შენს ტვინზე იმუშავე!“, - თქვა ჰოლოუეიმ.
შეგახსენებთ, რომ თოფურიასა და ჰოლოუეის დაპირისპირება UFC 308-ის მთავარი მოვლენა იქნება, რომელსაც თბილისის დროით, 27 ოქტომბერს, გამთენიისას ვიხილავთ. თოფურიასთვის ეს საჩემპიონო ქამრის პირველი დაცვა იქნება.
„მატადორმა“ ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის ტიტული მიმდინარე წლის თებერვალში ავსტრალიელი ალექსანდრ ვოლკანოვსკის დანოკაუტების შედეგად მოიპოვა.
„ელ მატადორს“ MMA-ში გამართული თხუთმეტი ორთაბრძოლიდან ყველა თავის სასარგებლოდ აქვს დასრულებული.