„ჩემზე ძლიერი იყო“ - ომალი მერაბის უპირატესობას აღიარებს
UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა, შონ ომალიმ, რომელმაც ტიტული მერაბ დვალიშვილთან დათმო, „მანქანასთან“ განცდილ მარცხზე ილაპარაკა.
როგორც „შუგამ“ თქვა, მერაბი ფიზიკურად მასზე ძლიერი აღმოჩნდა.
„ირგვლივ ყველა მეკითხება - „რა მოხდა? რა არ წავიდა ისე?“ . დედაჩემიც კი ამბობს, „შენ საკუთარ თავს არ ჰგავდი, არ იყავი ისეთი, როგორიც ყოველთვის“, მაგრამ მე უბრალოდ წავაგე. არ მაქვს არანაირი გამართლება. არაჩვეულებრივი მოსამზადებელი ბანაკი მქონდა. ბრძოლის კვირას თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი.
ვგრძნობ, რომ უბრალოდ ფიზიკურად მაჯობეს. ვიცოდი, რა მექნა გარკვეულ პოზიციებში, ძალიან სწრაფი ვიყავი, არ ვუთმობდი, კარდიოს მხრივაც ყველაფერი წესრიგში იყო, მაგრამ მერაბი უბრალოდ ფიზიკურად უფრო ძლიერი იყო“, - თქვა ომალიმ თავის იუთუბ არხზე.
მანამდე ომალიმ სამომავლო გეგმებზეც ილაპარაკა. „შუგამ“ თქვა, რომ მას ჯერ დასვენება სურს და გამოწვევის მიღებას ამ ეტაპზე არ აპირებს. „სავარაუდოდ, 9-10 თვე არ ვიბრძოლებ, შესაძლოა, 1 წელიც კი“, - აღნიშნა ომალიმ.
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ბრძოლაში შონ ომალი 5-რაუნდიან ბრძოლაში, მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და საჩემპიონო ქამარი მოიპოვა. ამასთან, ქართველმა „მანქანამ“ UFC-ში მოგებათა სერია 11 ბრძოლამდე გაზარდა.
მერაბი ისტორიაში UFC-ის მეორე ქართველი ჩემპიონი გახდა და ასევე ისტორიაში პირველად, თავად Pound-for-Pound (რეიტინგი წონის გაუთვალისწინებლად) რეიტინგში მოხვდა. დვალიშვილი სიაში მე-7 ადგილზეა.