სერბი ძიუდოისტი პირჯვრის გადაწერის გამო დასაჯეს
სერბი ძიუდოისტი ნემანია მაიდოვი (90 კგ) ტატამიზე შესვლამდე პირჯვრის გადაწერის გამო ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) 5-თვიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს.
ამის შესახებ გამოცემა Judo Inside-ი წერს და აღნიშნავს, რომ ოლიმპიადაზე პირჯვარს იწერდნენ სხვა ძიუდოისტებიც, მათ შორის ლაშა ბექაურიც, თუმცა ემუქრებათ თუ არა მათ გაფრთხილება ან დისკვალიფიკაცია, ჯერჯერობით უცნობია.
აღსანიშნავია, რომ მაიდოვს 2018 წლის აპრილსა და 2022 წლის თებერვალში ამავე მიზეზით გაფრთხილებები ჰქონდა მიღებული. რელიგიური ჟესტები IJF-ის ეთიკის კოდექსის მე-3 მუხლით იკრძალება.
28 წლის სერბ ძიუდოისტს, რომელიც 2023 წლის ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული და 2024 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანია, ხუთი თვის განმავლობაში ყველა ტურნირში მონაწილეობა ეკრძალება.
რას ამბობს ნემანია მაიდოვი:
 
„15 დღის წინ IJF-იდან შემატყობინეს, რომ რელიგიური კოდექსის დარღვევის გამო ხუთი თვით ყველა ტურნირს ჩამომაშორეს. მიზეზი ისაა, რომ ოლიმპიადაზე ბრძოლის დაწყებამდე პირჯვარი გადავიწერე. ჩემს გამოსვლაში არც კი მსურდა პირჯვრის გადაწერის გამო ბოდიშის მოხდა. რა თქმა უნდა, ამას არასოდეს ვიზამ, თუმცა არც ის ვიცოდი, რა სასჯელი მემუქრებოდა. ღმერთმა მომცა ყველაფერი, ჩემთვის ის ყველაფერზე წინაა. ეს არც ერთ შემთხვევაში არ შეიცვლება“.