„ქამრისთვის ჩხუბს ჯერ არ იმსახურებს“ | დვალიშვილის მწვრთნელი უმარზე
მერაბ დვალიშვილის მწვრთნელმა, ჯონ ვუდმა უპასუხა კითხვას, უნდა დაიცვას თუ არა მერაბმა საჩემპიონო ქამარი უმარ ნურმაგომედოვთან.
ვუდის თქმით, უმარი ჯერჯერობით სატიტულო ბრძოლას არ იმსახურებს.
„უმარს ყველაფერი წინ აქვს. მას წონიანი გვარი აქვს, UFC-ში ალბათ ძალიან უნდათ მისი წინ წაწევა. იმსახურებს თუ არა ის სატიტულო ბრძოლას? არა, ჯერ არა. მას კიდევ ერთი-ორი ბრძოლის ჩატარება სჭირდება.
მე მომწონს ფიგერედოსთან ბრძოლის იდეა, მერაბიც ჩაციკლულია ყოფილ ჩემპიონებთან ჩხუბზე. უმარს ჯერ არ მიუღწევია ისეთი დონისთვის, როგორსაც პირადად მე ქამრის პრეტენდენტში ვისურვებდი.
მესმის, რატომ სურს, ბევრს, რომ პრეტენდენტი სწორედ უმარი იყოს. საბოლოო ჯამში, ყველაფერი ისე იქნება, როგორც UFC იტყვის. თუმცა მე მგონია, რომ მერაბმა ოპონენტის არჩევის უფლება დაიმსახურა. თუ უმართან გვაჩხუბებენ, ეს არავითარი სკანდალი არ იქნება“.
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ბრძოლაში შონ ომალი 5-რაუნდიან ბრძოლაში, მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და საჩემპიონო ქამარი მოიპოვა. ამასთან, ქართველმა „მანქანამ“ UFC-ში მოგებათა სერია 11 ბრძოლამდე გაზარდა.
მერაბი ისტორიაში UFC-ის მეორე ქართველი ჩემპიონი გახდა და ასევე ისტორიაში პირველად, თავად Pound-for-Pound (რეიტინგი წონის გაუთვალისწინებლად) რეიტინგში მოხვდა. დვალიშვილი სიაში მე-7 ადგილზეა.