Fichajes: ქოჩორაშვილს მალიორკა აკვირდება
„ლევანტეს“ ქართველი ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი ზაფხულში შესაძლოა ლა ლიგის გუნდში ვიხილოთ - ესპანური გამოცემა Fichajes-ის ცნობით, ქოჩორას „მალიორკა“ აკვირდება.
გამოცემა წერს, რომ გიორგი ქოჩორაშვილი ლა ლიგა 2-ის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია და მას ესპანეთის უმაღლესი დივიზიონის რამდენიმე გუნდი აკვირდება, თუმცა ყველაზე რეალურ ვარიანტს ამ ეტაპზე „მალიორკა“ წარმოადგენს.
ქოჩორაშვილის უნარმა, აკონტროლოს მოედნის ცენტრი, გაანაწილოს ბურთი, დაეხმაროს დაცვას და ჩაერთოს შეტევაში, „ლევანტესთვის“ ის შეუცვლელ ფეხბურთელად აქცია.
„მალიორკა“ ყურადღებით აკვირდება ქოჩორას გარშემო შექმნილ სიტუაციას და ქართველს თავისი ნახევარდაცვის გასაძლიერებლად იდეალურ კანდიდატად მიიჩნევს. თუ ამ სეზონში „ლევანტე“ ლა ლიგაში თამაშის უფლებას ვერ მოიპოვებს, ქოჩორას კლუბიდან წასვლა კიდევ უფრო რეალური გახდება.
მანამდე Fichajes-ი წერდა, რომ ქოჩორაშვილის გადაბირებით ლა ლიგის კიდევ ერთი გუნდი, „ხეტაფეა“ დაინტერესებული. გამოცემის ინფორმაციით, „ლევანტე“ ქართველის სანაცვლოდ სულ მცირე 5 მილიონ ევროს ითხოვს.