„ჩემპიონის აზრი გასათვალისწინებელია“ | ალჯო მერაბის მომდევნო მეტოქეზე
UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ყოფილმა ჩემპიონმა და მერაბ დვალიშვილის უახლოესმა მეგობარმა, ალჯამეინ სტერლინგმა უპასუხა კითხვას, თუ ვისთან უნდა დაიცვას მერაბმა საჩემპიონო ქამარი.
რა თქვა ალჯომ:
„არ ვიცი, ვის მისცემს UFC სატიტულო ბრძოლას. ვიცი, რომ მერაბი ფიგერედოსთან ჩხუბს აირჩევს, მისი წარსული მიღწევებიდან გამომდინარე. მერაბის ლოგიკა გასაგებია. ასევე მესმის, რომ უმარ ნურმაგომედოვმა დაამარცხა სენდჰეგენი, რომელიც დივიზიონის მეორე ნომერი იყო.
დიდხანს შეიძლება ვიკამათოთ იმაზე, თუ ვინ იმსახურებს ჩემპიონთან ჩხუბს, თუმცა ჩემპიონის აზრი აუცილებლად არის გასათვალისწინებელი! ომალიმ ქამარი პირველად ისეთი მებრძოლის წინააღმდეგ დაიცვა, რომელიც ტოპ 5-ს მიღმა იყო. არ ვთვლი, რომ მერაბის მოთხოვნა უცნაურია. ვერავინ იტყვის, რომ ფიგერედოს ქამრისთვის ჩხუბი არ დაუმსახურებია. იმედია, მერაბის აზრს გაითვალისწინებენ“.
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ბრძოლაში შონ ომალი 5-რაუნდიან ბრძოლაში, მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და საჩემპიონო ქამარი მოიპოვა. ამასთან, ქართველმა „მანქანამ“ UFC-ში მოგებათა სერია 11 ბრძოლამდე გაზარდა.
მერაბი ისტორიაში UFC-ის მეორე ქართველი ჩემპიონი გახდა და ასევე ისტორიაში პირველად, თავად Pound-for-Pound (რეიტინგი წონის გაუთვალისწინებლად) რეიტინგში მოხვდა. დვალიშვილი სიაში მე-7 ადგილზეა.