დინამოს 19-წლამდელები დღეს უეფას ახალგაზრდულ ლიგაზე ითამაშებენ
დღეს „დინამო თბილისის“ 19-წლამდელთა გუნდი 2024-25 წლების უეფას ახალგაზრდულ ლიგაზე იწყებს. ახალგაზრდა დინამოელთა მეტოქე „ბუდუჩნოსტი“ იქნება.
ორმატჩიანი დაპირისპირების პირველი რაუნდი დღეს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, 19:00 საათზე გაიმართება. საპასუხო შეხვედრა კი პოდგორიცაში 2 ოქტომერს არის ჩანიშნული.
დინამოს U19-ის მწვრთნელი ვალერი გაგუა:
„გუნდი შევსებულია, მზად არის მატჩისთვის. დიდი ხანია, ველოდებით ამ თამაშს. ფეხბურთელები მზად არიან, ერთი სული აქვთ, გავიდნენ მოედანზე და ითამაშონ ის ფეხბურთი, რომელიც თბილისის „დინამოს“ შეეფერება. მეტოქის თამაშები ვნახეთ, გავაანალიზეთ. ძალისმიერი გუნდია, ფიზიკურად ძლიერი ფეხბურთელები ჰყავთ, მაგრამ ჩვენ გვყავს ისეთი მოთამაშეები, რომლებიც, იმედია, გადალახავენ ამ ბარიერს და საწადელ მიზანს მივაღწევთ.
რა თქმა უნდა, გულშემატკივარი მე-12 მოთამაშეა მოედანზე. ჩვენ ვნახეთ, ნაკრებმა რა შედეგები დადო და გულშემატკივარს რამხელა ძალა აქვს. კარგი იქნება თუ ამ ახალგაზრდა ბიჭებს ქართველი გულშემატკივარი გვერდში დაუდგება. მე მჯერა ჩემი ფეხბურთელების - თუ გულშემატკივარი მოვა, ნასიამოვნები წავლენ თამაშის შემდეგ“.
დინამოს U19-ის კაპიტანი გიორგი მეფარიშვილი:
„მაქსიმალურად ვემზადებით თამაშისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გვაქვს. ბიჭები მოტივირებულები ვართ, ხალხს მაქსიმალურად ვაჩვენოთ ჩვენი შესაძლებლობები“.
დინამოს U19-ის ფეხბურთელი ვახო სალია:
„გუნდი მზად არის, ძალიან დიდი შანსი გვაქვს, რომ გავიდეთ შემდეგ ეტაპზე. ვეცდებით, მაქსიმალური შედეგი დავდოთ. ყოველთვის ვოცნებობდი ჩემპიონთა ლიგაზე თამაშზე და იმედია გავიმარჯვებთ. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება გულშემატკივრების მხარდაჭერა“.
მომდევნო ეტაპზე გასვლის შემთხვევაში „დინამო“ „ტრაბზონსპორს“ შეხვდება. მეორე რაუნდის მატჩები 23 ოქტომბერსა და 6 ნოემბერსაა ჩანიშნული.
იმ შემთხვევაში, თუ „დინამოს“ 19-წლამდელები მესამე რაუნდში გავლენ, მათი მეტოქე პეტაჰ-ტიკვას „მაქაბი“, მაკედონური „ბრერა შტრუმიცა“ ან ბოსნიური „სარაევო“ იქნება. მესამე რაუნდის მატჩები 27 ნოემბერსა და 11 დეკემბერს გაიმართება.