რონალდუ ვარჯიშზე საყურეებს არ იხსნიდა | ტენ ჰაგთან კონფლიქტის ახალი დეტალები
ბრიტანული მედია „მანჩესტერ იუნაიტედის“ თავკაცის, ერიკ ტენ ჰაგისა და კრიშტიანუ რონალდუს კონფლიქტის შესახებ ახალ დეტალებს აქვეყნებს. გამოცემა Manchester Evening News-ი წერს, რომ დაძაბულობა ნიდერლანდელი სპეციალისტისა და პორტუგალიელი ფორვარდის ურთიერთობებში ერთ-ერთ ვარჯიშზე მომხდარი კონფლიქტის შემდეგ გაჩნდა.
კერძოდ, გამოცემის ინფორმაციით, ტენ ჰაგი მოითხოვდა, რომ ფეხბურთელებს საყურეებისა და სხვა სამკაულების გარეშე ევარჯიშათ, რონალდუ კი ამაზე უარს ამბობდა, იმიტომ რომ ასეთი მოთხოვნა ტენ ჰაგის წინამორბედებს - ოლე-გუნარ სულშერსა და რალფ რანგნიკს არ ჰქონიათ.
ტენ ჰაგმა საკუთარი მიდგომების შეცვლაზე უარი თქვა და სთხოვა ასისტენტს, სტივ მაკლარენს, ეს საკითხი „ერთხელ და სამუდამოდ“ მოეგვარებინა. მაკლარენმა რონალდუსთან საუბარში პრობლემის დიპლომატიური გზით მოგვარება სთხოვა, თუმცა პორტუგალიელი გაბრაზდა და 1000 გირვანქა სტერლინგის ღირებულების საყურეები ბუჩქებში გადააგდო.
რამდენიმე დღის წინ რონალდუმ ერთ-ერთ ინტერვიუში ტენ ჰაგი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ნიდერლანდელი სპეციალისტი „მანჩესტერის“ ამბიციებს ამცირებს, როდესაც ამბობს, რომ გუნდს არ შეუძლია პრემიერ ლიგაზე და ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვებისთვის იბრძოლოს.
„იუნაიტედმა“ წინა სეზონი ტენ ჰაგის ხელმძღვანელობით, 38 ტურში დაგროვებული 60 ქულით მერვე ადგილზე დაასრულა, თუმცა ევროპული საკლუბო ტურნირის საგზური სათასო წარმატების ხარჯზე მოიპოვა, როდესაც ასოციაციის თასის ფინალში თანაქალაქელ „მანჩესტერ სიტის“ 2:1 მოუგო.
ნიდერლანდელი მწვრთნელი „მანიუს“ სათავეში 2022 წლის 23 მაისს ჩაუდგა და მას შემდეგ გუნდმა ყველა ტურნირზე მისი ხელმძღვანელობით ჩატარებული 114 მატჩიდან 66 მოიგო, 17 ფრედ დაასრულა და 31 წააგო.