ზეედორფის და დიდას მიმართვა ქართველებს - 21 სექტემბერს ვარსკვლავების მატჩია
თბილისში გასამართ „ვარსკვლავების მატჩამდე“ რამდენიმე დღე რჩება. 21 სექტემბერს, მიხეილ მესხის სტადიონზე „მილანის“ ლეგენდების გუნდი საქართველოს ნაკრების სხვადასხვა თაობის გამორჩეულ ფეხბურთელებთან ითამაშებს.
უკვე ცნობილია, რომ ამ შეხვედრისთვის ქართველ ფეხბურთელებს თემურ ქეცბაია მოამზადებს, როსონერის ლეგენდების მთავარი მწვრთნელი კი იბრაჰიმ ბა იქნება. თამაშამდე რამდენიმე დღით ადრე, ლომბარდიის გრანდის ლეგენდარულმა ნიდერლანდელმა ნახევარმცველმა კლარენს ზეედორფმა და ბრაზილიელმა მეკარემ ნელსონ დიდამ ვიდეო-მიმართვები გაავრცელეს.
კლარენს ზეედორფი
ძვირფასო გულშემატკივრებო, 21 სექტემბერს მილანის ლეგენდები თბილისში ჩამოვლენ, სადაც ისინი თქვენი ქვეყნის სხვადასხვა თაობის გამორჩეულ ფეხბურთელებთან ითამაშებენ. ჩვენ მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან ვესტუმრებით თქვენს უმშვენიერეს ქვეყანას და იმედი გვაქვს, რომ ბევრ თქვენგანს შევხვდებით.
ნელსონ დიდა
21 სექტემბერს საქართველოს დედაქალაქი გრანდიოზულ საფეხბურთო მატჩს უმასპინძლებს - მილანის ლეგენდები საქართველოს ლეგენდების წინააღმდეგ. იმედია სტადიონზე სრული ანშლაგი იქნება - გელოდებით ყველას და კარგ სანახაობას გპირდებით.
ცნობისათვის, საქართველოს ნაკრებისა და მილანის ლეგენდების მატჩი, რომელიც თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით ტარდება, შაბათს, მიხეილ მესხის სტადიონზე 19:00 საათზე დაიწყება.