“ბელინგემი დაბრუნდა“ - ანჩელოტი შტუტგარტთან მატჩის წინ
საფეხბურთო სამყაროში ჩემპიონთა ლიგა ბრუნდება. ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის პირველ ტურში მადრიდის რეალი შტუტგარტს უმასპინძლებს. მატჩის წინ, მოქმედი ჩემპიონის მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
რა თქვა ანჩელოტიმ?
„გასულ სეზონში შტუტგარტმა დიდებულად ითამაშა. საქმე ძალიან კარგად ორგანიზებულ გუნდთან გვაქვს. მხიარულ მატჩს ველოდები. ედერ მილიტაო მწყობრშია, მაგრამ ხვალ დაისვენებს. ჩემპიონთა ლიგა ჩემთვის განსაკუთრებულია. მიუხედავად ამდენი ტიტულისა, მე მაინც დიდი ენთუზიაზმი მაქვს.
სამწუხაროდ ტრავმები გვაწუხებს. კალენდარი საკმაოდ გადატვირთულია. არ ვიცი, როგორ წარიმართება მატჩი და იქნება, თუ არა ის სახალისო. ვფიქრობ, ამდენ თამაშზე პასუხისმგებელმა პირებმა რაიმე უნდა შეცვალონ, რადგან წინ ძალიან ბევრი შეხვედრა გველოდება.
ჯუდ ბელინგემი და ჩუამენი დაბრუნდნენ. სამწუხაროდ არ გაგვიმართლა და ბრაჰიმის სახით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დავკარგეთ. ვინისიუს ჟუნიორის შეურაცხყოფა არის ფაქტი, რასაც ვერ მოვითმენთ და ვერ შევეგუებით. მას მეტი პატივი უნდა სცენ.“
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფორმატი შეიცვალა და ჯგუფური ეტაპი აღარ არსებობს. სამეფო კლუბს 8 სხვადასხვა გუნდთან მოუწევს თამაში. ესენი არიან: შტუტგარტი, ლივერპული. მილანი, ლილი, დორტმუნდი, ატალანტა, ზალცბურგი და ბრესტი.
ცნობისთვის, მადრიდის რეალისა და შტუტგარტის დაპირისპირება 17 სექტემბრით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.