კარგი ამბავი: დვალიშვილს უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოზე წარადგენენ
UFC-ში, სუპერმსუბუქი წონის ახალი ჩემპიონი მერაბ დვალიშვილია, რომელმაც სატიტულო შეხვედრაში შონ ომალი გაანადგურა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, დვალიშვილს უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოზე წარადგენენ.
ირაკლი კობახიძე: „მინდა მივულოცო მერაბ დვალიშვილს უდიდესი წარმატება. ყველა თვალყურს ვადევნებდით ამ მნიშვნელოვან გამოსვლას, რასაც მთელი საქართველო ელოდა ძალიან დიდი ინტერესით და უნდა აღინიშნოს, რომ უკვე მეორე წელია, ქართველი იგებს UFC-ს, რაც არის უნიკალური მიღწევა და ჩვენი ქვეყნის განსაკუთრებულ სპორტულ ტალანტზე და ქართველების ნიჭზე მეტყველებს. უნდა აღინიშნოს, რომ მერაბს ამ წარმატებამდე ძალიან რთული გზა აქვს გავლილი და მისთვის ეს გამარჯვება ორმაგად დასაფასებელია. ჩვენ ვაგრძელებთ ტრადიციას და პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება მერაბ დვალიშვილის უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენის შესახებ''.
შეგახსენებთ, სატიტულო შეხვედრის ხუთივე რაუნდი მერაბ დვალიშვილის სრული უპირატესობით მიმდინარეობდა, ქართველი მებრძოლი ძალიან აქტიური იყო, პირველ რაუნდში ომალი პარტერში ორჯერ გაიყვანა და მას არაერთი დარტყმა მიაყენა. მერაბის უპირატესობა მეორე რაუნდშიც ძალიან აშკარა იყო, მეტოქე პარტერში კიდევ ერთხელ გადაიყვანა. მესამე რაუნდში პარტერში არ გაუყვანია, თუმცა ქართველის დომინირება გაგრძელდა. ქართველმა ჩემპიონმა შონ ომალის პარტერში გაყვანა მეოთხე და მეხუთე რაუნდებშიც მოახერხა. მოკლედ, მერაბი თავდაჯერებასა და ბრძოლისუნარიანობას ავლენდა და სრულიად დამსახურებულად გაიმარჯვა, კითხვის ნიშნები არ არსებობს.