„ახალი დამანგრეველი წყვილი“ - იტალიური მედია კვარაცხელია-ლუკაკუზე წერს
იტალიის სერია A-ს მორიგ ტურში „ნაპოლი“ სტუმრად „კალიარის“ დაუპირისპირდა და გამანადგურებელი ანგარიშით, 0:4 დაამარცხა.
ხვიჩა კვარაცხელია ნეაპოლელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 76 წუთი გაატარა. ამ დროის განმავლობაში ქართველმა შემტევმა გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა შეასრულა.
Gazzetta dello Sport-ი განსაკუთრებულ ყურადღებას ხვიჩა კვარაცხელიასა და რომელუ ლუკაკუს თამაშზე ამახვილებს წერს, რომ მათი სახით, ახალი დამანგრეველი წყვილი დაიბადა.
„ისინი ერთმანეთს ეძებენ, ტაშს უკრავენ და ერთმანეთს ეხუტებიან, შემდეგ კი გარბიან თავიანთი ფანებისკენ, სიამაყით და თითქოს ამბობენ: „არ ინერვიულოთ, ჩვენ აქ ვართ!“. ისინი ყველაფრისთვის მზად არიან, რათა „ნაპოლი“ მწვერვალზე დაბრუნონ. კვარა და ლუკალუ არიან იარაღი დამანგრეველი პოტენციალით, კონტეს ხელში“, - წერია სტატიაში.
ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის“ მაისურით მიმდინარე სეზონში 4 მატჩი ჩაატარა და თავი 2-2 გოლითა და ასისტით გამოიჩინა. 4 ტურის შემდეგ „ნაპოლი“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში 9 ქულით დროებით პირველ ადგილზე იმყოფება, რადგან „ინტერსა“ და „უდინეზეს“, რომლებსაც 7-7 ქულა აქვთ, მიმდინარე ტურში თავისი მატჩი ჯერ სათამაშო აქვთ.
ანტონიო კონტეს გუნდი მომდევნო შეხვედრას 21 სექტემბერს, სტუმრად „იუვენტუსის“ წინააღმდეგ გამართავს. მატჩი საქართველოს დროით 20:00 საათზე დაიწყება.