ზურიკო დავითაშვილი, ჟაკ ეკომი, გაეტან პუსენი
Aa
Aa

სულ შრომობდა და არასდროს ისვენებდა - რას ამბობენ ყოფილი გუნდელები ზურიკოზე

ფრანგული „ანჟეს’’ მცველმა ჟაკ ეკომიმ, რომელიც „ბორდოში’’ ზურიკო დავითაშვილის გუნდელი იყო, ფრანგულ 90football-თან ინტერვიუში ქართველ ფეხბურთელზე ისაუბრა.

„მისი ნახვა დასვენებულ მდგომარეობაში შეუძლებელი იყო. მახსოვს, ერთხელ კვირას კლუბში მივედი, დავინახე მუშაობდა. ზოგადად, შემტევი სტილის ფეხბურთელები უფრო მეტად გიჟები და თავისუფლები არიან, მაგრამ ის მიზანდასახული იყო, ვარჯიშობდა. ზურიკო თავის საქმეს არ აკეთებდა ისე, როგორც ეს სამსახურშია, არამედ ამით სიამოვნებას იღებდა. ზურიკოს მამაც ანთებული თვალებით იყო, დიდი ენთუზიაზმით, ესწრებოდა თამაშებს და თითქოს ისიც მოედანზე იყო. ზურიკომ იცოდა საიდან მოვიდა და სად სურდა წასვლა. მას ნამდვილად სურდა ტოპ ჩემპიონატში თამაში, ეს მისი მიზანი იყო’’.

ფრანგულ 90football-თან ზურიკოს კიდევ ერთმა ყოფილმა თანაგუნდელმა, გაეტან პუსენმა ისაუბრა. „ბორდოში’’ ერთად თამაშობდნენ, ახლა პუსენი „სარაგოსაშია’’.

„მას რთული დრო ჰქონდა ადაპტაციისას. ეს ნორმალურია. როცა შენს ქვეყანას ტოვებ, ეს ადვილი არაა, ახალი ენა და ასე შემდეგ. მხიარული ბიჭია, ჯერ კიდევ ახალგაზრდაა. ცეცხლოვანია, სხვებთან ერთად სიცილი უყვარს. რისკიანია, მაშინაც კი როცა ბურთთან ერთად დაბალ ზონაშია, ზოგჯერ ეს შესაძლოა გოლად დაგვიჯდეს, ეს იშვიათად ხდებოდა (იცინის). თუ შრომას გააგრძელებს, მისგან კარგ თამაშს უნდა ველოდოთ’’.

დავითაშვილმა „ბორდოში'' 71 მატჩში 14 გოლი შეაგდო და 12 საგოლე გადაცემა შეასრულა. ვერ ვიტყვით, რომ ჟირონდულ კლუბში ყოველთვის საუკეთესო ფორმაში იყო, მაგრამ ბევრი დასამახსოვრებელი და გამორჩეული მატჩი ჩაატარა და მის კარიერას ლოგიკური გაგრძელება მოჰყვა, გასული სეზონის შემდეგ ფინანსურ კრიზისში მყოფმა „ბორდომ'' „სენტ-ეტიენში'' გაყიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები