წიტაიშვილის პირველი ასისტი - გრანადამ ელჩეში ქულა აიღო
„გრანადა“ ესპანეთის ლა ლიგის საგზურისთვის მებრძოლ კლუბად ჯერჯერობით ვერ ჩამოყალიბდა, სამაგიეროდ გიორგი წიტაიშვილი ამ გუნდის ძირითადი შემადგენლობის შეუცვლელ წევრად იქცა და სეგუნდა დივიზიონის მე-5 ტურში, სტუმრად „ელჩესთან“ (2:2) ფრედ დასრულებულ შეხვედრაში ანდალუსიური კლუბის მაისურით პირველი საგოლე გადაცემა შეასრულა.
მთავარმა მწვრთნელმა გილერმო აბასკალმა წიტაიშვილს ნდობა გამოუცხადა და ძირითადში დააყენა. 29-ე წუთზე ნიკო ფერნანდესის ზუსტი პენალტით გრანადელები მარცხებოდნენ. თუმცა, მეორე ტაიმის დასაწყისში ორწუთიან ინტერვალში გატანილი ამდენივე გოლით წინ გავიდნენ. ჯერ უზუნიმ წონასწორობა აღადგინა, ხოლო 57-ე წუთზე წიტაიშვილის სტანდარტიდან ჩაწოდებულ ბურთს პირველი ლოიკ უილიამსი გამოეხმაურა და სტუმრები დააწინაურა.
ანდალუსიელებმა უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს და 65-ე წუთზე მურადმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:2. როგორც უკვე მოგახსენეთ, გიორგი წიტაიშვილი სასტარტოში იყო და 78-ე წუთზე პოლონელმა კარელ იოზვიაკმა შეცვალა.
ხუთი ტურის შემდეგ დაგროვებული ხუთი ქულით „გრანადა“ მე-16 ადგილზეა და ლიდერ გიორგი ქოჩორაშვილის „ლევანტეს“ 5 ქულით ჩამორჩება. მომდევნო ტურში გიორგი წიტაიშვილი და მისი თანაგუნდელები 20 სექტემბერს, ანდალუსიურ დერბიში „მალაგას“ უმასპინძლებენ.