პირველად სპალეტის შემდეგ - კონტეს ნაპოლი იუვეს კარგ ფორმაში ხვდება
21 სექტემბერს, იტალიის სერია A-ს მეხუთე ტურში, „ნაპოლი“ მისთვის ყველაზე პრინციპულ მეტოქე „იუვენტუსს“ ტურინში ესტუმრება და წარმატებული სერიის გაგრძელებას შეეცდება. ზედიზედ 3 მატჩის მოგების შემდეგ დიდი აურზაურის შექმნა შეიძლება ბევრისთვის გადაჭარბებულად ჟღერდეს, მაგრამ ნეაპოლელებისთვის ეს მშვენიერი სიახლეა, რადგან საყვარელი გუნდის მსგავს სტაბილურ და გამართულ თამაშს ისინი გადაჩვეულები არიან.
სტატისტიკოსებმა გამოთვალეს და აღმოჩნდა, რომ იტალიის პირველობაზე პარტენოპეიმ მიყოლებით სამ ტურში ბოლოს 2023 წლის თებერვალში გაიმარჯვა, როდესაც გუნდს ლუჩიანო სპალეტი ამზადებდა. მაშინ კამპანიელებმა „კრემონეზე“, „უდინეზე“ და „ემპოლი“ დაამარცხეს და საბოლოოდ, 33-წლიანი პაუზის შემდეგ, გათამაშება ტრიუმფითაც დაასრულეს.
ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ ისევე როგორც წინა ორ სეზონში, ამჯერადაც „ნაპოლის“ წარმატებების მთავარი სულისმჩამდგმელი ხვიჩა კვარაცხელიაა, რომელმაც „კალიარისთან“ (0:4) მოპოვებული შთამბეჭდავ გამარჯვებას სოციალურ ქსელში სტატუსი მიუძღვნა: „შესანიშნავი კვირის საუკეთესო დაგვირგვინება“.
ისიც სათქმელია, რომ ნეაპოლელებს საერთოდ არ ეტყობათ „გალათასარაიში“ იჯარით გაშვებული ვიქტორ ოსიმენის არყოფნა, რაც მთლიანად რომელუ ლუკაკუს დამსახურებაა. წინა ტურში „პარმასთან“ პარტენოპეის რიგებში სადებიუტო ბურთის გატანას, 31 წლის ბელგიელმა ფორვარდმა ამჯერად კიდევ უფრო კარგი თამაში დაურთო და 1 გოლთან ერთად, თანაგუნდელებს ასისტენტად 2-ჯერ მოევლინა.
ცნობისათვის, მან კარიერაში ერთ მატჩში გატანილ ბურთთან ერთად, ერთზე მეტი საგოლე პასი მეორედ შეასრულა და მეორედაც ანტონიო კონტეს მწვრთნელობის პერიოდში - პირველად ამის გაკეთება ლუკაკუმ 2020 წლის ნოემბერში „ინტერში“ თამაშისას „ტორინოსთან“ მატჩში მოახერხა.